უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 რომელი ფული წავიღოთ უნგრეთში

უნგრულ ვალუტას ფორინტი ეწოდება. ამჯერად სწორედ მის შესახებ ვისაუბრებთ. თუ გაინტერესებთ, რა ვალუტა უნდა წაიღოთ უნგრეთში, როგორია ფორინტის გაცვლითი კურსი ევროსა და დოლარის მიმართ, და სად ჯობია ფულის გადახურდავება, ეს გვერდი ბოლომდე ჩაიკითხეთ. მათ, ვინც პირველად მიემგზავრება ბუდაპეშტში, შესაძლოა ჰგონიათ, რომ უნგრეთის ფულის ერთეული ევროა, რადგან ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი და შენგენის ხელშეკრულების მონაწილეა. ამიერიდან გეცოდინებათ, რომ უნგრელებს საკუთარი ეროვნული ვალუტა გააჩნიათ - ფორინტი.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





თავდაპირველად ერთი ყურადსაღები ფაქტის შესახებ. ის ქვეყნები, რომლებმაც თავიანთი ეროვნული ვალუტა შეინარჩუნეს, ხელსაყრელად განსხვავდებიან მეზობელი ქვეყნებისგან, სადაც ევროზე გადავიდნენ. ეს, პირველ ყოვლისა, ფასების კუთხით იგრძნობა. ამაში დასარწმუნებლად ნახეთ, რა ღირს პროდუქტი ბუდაპეშტში.


მოკლედ უნგრული ფორინტის ისტორიის შესახებ


უნგრული ვალუტა უშუალოდ უკავშირდება იტალიას, კერძოდ, ფლორენციას. XIII საუკუნეში სწორედ იქ დაიწყეს ოქროს მონეტის - ფლორინის - მოჭრა. ის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ავსტრიის მიწებზეც გამოიყენებოდა. ოღონდ უნგრელებმა მას ფორინტი შეარქვეს, პარალელურად გულდენსაც ეძახდნენ. 1892 წელს ის ავსტრია-უნგრეთის კრონათი შეიცვალა.


კრონამ მხოლოდ 30 წელი იარსება. 1926 წელს ის პენგეთი შეიცვალა, თუმცა დიდხანს ვერც მან გაძლო. ქვეყანა ინფლაციამ მოიცვა და 1946 წელს პენგეს გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 59 მილიარდი შეადგინა. რა არ სცადეს: გამოუშვეს მილპენგე - მილიონი პენგე, ბილპენგე - ტრილიონი პენგე. ერთი მილიარდი ბილპენგეს შესაბამისი კუპიურის გამოშვებაც სურდათ, მაგრამ ვერ მოასწრეს. ახალმა ხელისუფლებამ ჰიპერინფლაცია შეაჩერა და კვლავ ფორინტს დაუბრუნდა. 1 ფორინტი 100 ფილერად იყოფოდა. 90-იანი წლებიდან დაიწყო მიმოქცევიდან ფილერისა და 1 და ორი ფორინტის ღირებულების მონეტების ამოღება.


უნგრული ფორინტი ჩვენს დროში


ამჟამად არსებობს 5, 10, 20, 50, 100 და 200 ფორინტის ღირებულების შესაბამისი მონეტები. ბოლო ორი ბიმეტალურია, ანუ მასში ორი სახის ლითონია.



5-ფორინტიან მონეტაზე გამოსახულია დიდი თეთრი ყანჩა, 10-სა და 100-იანზე - უნგრეთის გერბი, 50-იანზე - შევარდენი, 200-იანზე - სეჩენის ჯაჭვის ხიდი ბუდაპეშტში.


უნგრული ბანკნოტები


უნგრეთში ბანკნოტიც ექვსია - 500, 1000, 2000, 5000, 10000 და 20000 ფორინტის შესაბამისი კუპიურები.



500-ფორინტიანი კუპიურის წინა მხარეს გამოსახულია ტრანსილვანიელი დიდებული ფერენც II რაკოცი, რომელიც უნგრელი ხალხის ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლას ხელმძღვანელობდა.



1000 ფორინტი: წინა მხარეზე - მეფე მატიაშ I, რომელიც უნგრეთს წარმატებით მართავდა XV საუკუნის მეორე ნახევარში.



2000 ფორინტი: წინა მხარეზე - პრინცი გაბორ ბეტლენი, უნგრეთში ანტიავსტრიული მოძრაობის ხელმძღვანელი.



5000 ფორინტი: წინა მხარეზე - გრაფი იშტვან სეჩენი, უნგრელების ერთ-ერთი უსაყვარლესი ისტორიული მოღვაწე.



10000 ფორინტი: წინა მხარეზე - მეფე იშტვან I, წმინდანი, უნგრეთის პირველი მეფე.



20000 ფორინტი: წინა მხარეზე - უნგრელი პოლიტიკური მოღვაწე ფერენც დეაკი, რომლის აქტიური მონაწილეობითაც გაფორმდა ავსტრია-უნგრეთის ხელშეკრულება ავსტრია-უნგრეთის შექმნის შესახებ.


ყურადღება!!! ყურადღება!!! გაითვალისწინეთ, რომ მიმოქცევაშია ახალი კუპიურები. ძველს არსად მიიღებენ, მხოლოდ უნგრეთის რამდენიმე ბანკში გამოგიცვლიან. ასე რომ, თუ ფორინტებს საქართველოში შეიძენთ, მოითხოვეთ ახალი ბანკნოტები. რაც შეეხება ძველ კუპიურებს, უნგრეთში მათი გადაცვლის ვადებია:


500, 1000, 2000, 5000, 20000 ფორინტი: უნგრეთის ეროვნულ ბანკში - 2037 წლის 31 ივლისამდე;


უნგრეთის ეროვნული ბანკის მისამართია: 1054 Budapest, Kiss Erno u.1. ოფიციალური საიტი: www.mnb.hu.



სად გადავცვალოთ ფული ბუდაპეშტში


შეგიძლიათ, ლარის განსაზღვრული რაოდენობა თბილისში გადაახურდავოთ. ამ სერვისს მხოლოდ "საქართველოს ბანკი" გთავაზობთ, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარეობს. გაითვალისწინეთ, რომ დაახლოებით 1 საათის ლოდინი მოგიწევთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მიმოქცევიდან ამოღებული უნგრული კუპიურები არ მოგცენ, მოითხოვეთ ქვითარი და შეინახეთ.


ბუდაპეშტში, სავარაუდოდ, ევროსა და დოლარსაც წაიღებთ. გირჩევთ, აეროპორტში არ გადაცვალოთ, რადგან იქ თქვენთვის ძალზე არახელსაყრელი კურსი იქნება, ჩვეულებრივთან შედარებით, 20-25%-ით ნაკლები. მაგრამ თუ საკრედიტო ბარათი გაქვთ, ბილეთი ამ ბარათით შეიძინეთ. ფული ქალაქის ცენტრში გადაცვალეთ, წინასწარ შეადარეთ ერთმანეთს ორი-სამი გადამცვლელი პუნქტის კურსი. თუ ჭკუაში დაგიჯდებათ, ეს Correctchange ქსელის პუნქტებში გააკეთეთ, რომელთა მისამართებსაც იხილავთ მათ ოფიციალურ საიტზე Correctchange.com.


გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უმეტესობა გართმევთ საკომისიოს. ეს, ძირითადად, 0.3%-ია, თუმცა მაინც ყურადღებით იყავით, ვინაიდან ზოგიერთ პუნქტში ის შესაძლოა გადასახურდავებელი თანხის რაოდენობის მიხედვით იცვლებოდეს.


გახსოვდეთ, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უმრავლესობა კვირას დაკეტილია, ისინი კი, რომლებიც ღიაა, ძალზე არახელსაყრელ კურსს შემოგთავაზებენ. ასე რომ, წინასწარ შეემზადეთ, თუმცა, თუ საკრედიტო ბარათი გაქვთ, ის დაგიხსნით.





© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!