რომი განსაკუთრებული ატმოსფეროთი და ენერგეტიკით გამოირჩევა. ის ძალზე მრავალსახოვანია და ყოველი ტურისტი მას თავისებურად აღიქვამს. რომში საოცრად ერწყმის ერთმანეთს სიძველე, აღორძინების ეპოქის ხელოვნება, არქიტექტურის სხვადასხვა, დახვეწილი სტილი, მეტროში და მანქანებისა და ავტობუსების ფანჯრებიდან გაჟღერებული კლასიკური მუსიკა, რომანტიკა, გემრიელი იტალიური ნაციონალური სამზარეულო, ემოციური და სასიამოვნო ადამიანები. სამი დღე სავსებით საკმარისია ამ ყველაფრის შესაგრძნობად. აგრეთვე რომის ღირსშესანიშნაობების მეტ-ნაკლებად სრულყოფილად დასათვალიერებლად. თუ ყველაფერს წინასწარ და სწორად დაგეგმავთ, შოპინგისთვისაც საკმაო დრო დაგრჩებათ. ამისთვის გირჩევთ, ყურადღებით გაეცნოთ სტატიებს რომი 1 დღეში, რომის საექსკურსიო ტრანსპორტი და შოპინგი რომში. ასე წარმოდგენა შეგექმნებათ რომის ღირსშესანიშნაობებზე და თქვენი გემოვნებისა და ფიზიკური და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით წინასწარი გეგმის შედგენაც გაგიადვილდებათ. თავისუფლად შეგიძლიათ მეტი დრო დაუთმოთ ვატიკანის, კოლოსეუმის, რომის ფორუმის, ეკლესიებისა და მუზეუმების დათვალიერებას, იტალიური სამზარეულოს დაგემოვნებას.
აი, როგორ გამოიყურება რომის ღირსშესანიშნაობების რუკა:
ახლა კი შემოგთავაზებთ იმ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც არც სარჩევშია მოცემული და არც სტატიაში "რომი 1 დღეში".
სიმართლის ბაგეები (Bocca della Verità) - ანტიკური მარმარილოს მრგვალი ფილა ტრიტონის ნიღბით (ჩვ. წელთაღრიცხვით I საუკუნე). ის ერთგვარი "სიცრუის დეტექტორია". ლეგენდის თანახმად, თუ მასში ხელს შეყოფს ის, ვინც იცრუა, ტრიტონი ამ ხელს მოაჭამს.
"სიმართლის ბაგეები" მდებარეობს ავენტინის ბორცვზე, სანტა-მარია-ინ-კოსმედინის ეკლესიის პორტიკის კედელზე. მისამართი: Piazza Bocca della Verità, 18. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს B ლურჯი ხაზით, გაჩერება Circo Massimo.
კარაკალას თერმული წყლები (Terme di Caracalla) - III საუკუნეში იმპერატორ კარაკალას ბრძანებით აგებული აბანო, რომელსაც რომის ერთ-ერთ სასწაულსაც კი უწოდებდნენ. სხვათა შორის, აქ 1960 წელს ოლიმპიადის ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრება ჩატარდა.
შესვლა ფასიანია. მოზრდილებისთვის - 8 ევრო. 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის - 2 ევრო, 18 წლამდე - უფასოდ.
მისამართი: Viale delle Terme di Caracalla. მისასვლელად ისარგებლეთ: მეტროს B ლურჯი ხაზით, გაჩერება Circo Massimo, შემდეგ კი Viale Guido Baccelli-ის გაუყევით; ავტობუსით №671, 714, 792, 118, 628, გაჩერება Terme Caracalla».
კონსტანტინეს ტრიუმფალური თაღი (Arco di Costantino) - ეს თაღი 315 წელს აიგო იმპერატორ კონსტანტინეს გამარჯვების აღსანიშნავად უზურპატორ მაქსენციუსთან 312 წელს. მისი სიმაღლე 21 მეტრია, სიგანე - 25,70 მეტრი, სიღრმე - 7,40 მეტრი. 1960 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სწორედ აქ მდებარეობდა მარათონელთა გარბენის ფინიშის ხაზი (შეჯიბრება ეთიოპელმა აბებე ბიკილამ მოიგო).
დათვალიერება უფასოა.
მისამართი: via Sacra, კოლოსეუმსა და პალატინის ბორცვს შორის. მისასვლელად ისარგებლეთ: მეტროს B ლურჯი ხაზით, გაჩერება Colosseo; ავტობუსით №60, 75, 81, 85, 117, 175, 271, 673, 810, 850; ტრამვაით №3.
სასიამოვნო დროსტარებას გისურვებთ!
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია