არ გეგონოთ, რომ პარკს ვაროშლიგეტი ვინმეს პატივსაცემად უწოდეს. არა, უბრალოდ, უნგრულად ეს სიტყვა ქალაქის პარკს ნიშნავს. ის პეშტში მდებარეობს და როგორც ტურისტების, ისე ადგილობრივების საყვარელი დასასვენებელი ადგილია. აქ არა მხოლოდ გართობა შეიძლება, არამედ მყუდრო ადგილას დასვენებაც ან პიკნიკის მოწყობა. შეიძლება ითქვას, რომ ვაროშლიგეტის პარკი ქალაქის როგორც კულტურული, ისე ეკოლოგიური ცენტრია - ამ ტერიტორიაზე უამრავი ხეა - თითქმის 7 ათასი. პარკამდე მისვლა ყველაზე მოსახერხებელი მეტროთია - აქვე ხომ სადგური "გმირთა მოედანია".
ვაროშლიგეტის პარკის ისტორია
ჯერ კიდევ მეფე მატიაშის დროს პარკის ადგილას ჭაობიანი მიწები იყო, რომლებსაც სამეფო ოჯახი სანადიროდ იყენებდა. მოგვიანებით, მარია ტერეზიას მმართველობისას, მათი დაშრობა და "გაკეთილშობილება" გადაწყვიტეს. ასე დაედო სათავე პარკში იშვიათი ჯიშის ხე-მცენარეების დარგვის ტრადიციას, რაც დღემდე გრძელდება. მაშინვე შეიქმნა ხელოვნური არხები და წყალსატევები, რომლებიც ამჟამადაც გამოიყენება.
უნგრეთის ათასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ქალაქის მესვეურებმა მიწისქვეშა გზა გაიყვანეს, რათა დღესასწაულის მონაწილეებსა და სტუმრებს ადვილად მიეღწიათ ვაროშლიგეტის პარკამდე ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან. ეს მიწისქვეშა გზა გადაიქცა მეტროს პირველ ხაზად არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ მთელ კონტინენტურ ევროპაში. ახლა ბუდაპეშტში უკვე მეტროს ოთხი ხაზია, მაგრამ სწორედ პირველ M1 ხაზს უწოდებენ ადგილობრივები "მიწისქვეშა გზას".
ვაროშლიგეტის პარკში ბევრი ღირსშესანიშნაობაა. მოდი, ზოგიერთი მათგანი ჩამოვთვალოთ.
- ვაიდაჰუნიადის ციხეკოშკი - მხოლოდ მის სანახავად ღირს ამ პარკში მოსვლა. ერთი შეხედვით, იფიქრებთ, რომ ეს შენობა 500 წლის მაინც იქნება და მრავალ საიდუმლოს ინახავსო, მაგრამ არა - ის 1908 წელს ააგეს.
ვაიდაჰუნიადში სასოფლო-სამეურნეო მუზეუმია განთავსებული.
დეტალურად ვაიდაჰუნიადის ციხეკოშკის შესახებ =>>
- ანონიმუსი - იდუმალებით მოცული ბერი - ეს არის კვარცხლბეკზე დადგმული ბრინჯაოს ქანდაკება ვაიდაჰუნიადის ციხეკოშკის სიახლოვეს. ფიგურის სახის გარჩევა შეუძლებელია, რადგან მას კაპიუშონი ფარავს. მეცნიერებმა დღემდე ვერ დაადგინეს ამ ჟამთააღმწერლის ვინაობა.
დანამდვილებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ანონიმუსი განათლებული ადამიანი იყო, ბერი, რომელიც უნგრელი ხალხის მატიანეს წერდა.
- სეჩენის საბანაო - ეს საბანაო ცხელი წყლის საშუალებით მოდუნებაში დაგეხმარებათ. კომპლექსი 1913 წელს ააგეს და ევროპაში მსგავსი დანიშნულების ნაგებობებს შორის ყველაზე დიდია. თერმული წყალი აუზში 1250 მეტრის სიღრმიდან ამოდის.
აქ არის როგორც დახურული, ისე ღია აუზები, აგრეთვე ცივ წყალში საცურაო ბილიკები.
დეტალურად სეჩენის საბანაოს შესახებ =>>
სასიამოვნო ბანაობას გისურვებთ!
- ბუდაპეშტის ზოოპარკი ბავშვებსაც გაახარებს და დიდებსაც დააინტერესებს. შესასვლელში რუკას მოგცემენ, რომელიც ორიენტაციაში დაგეხმარებათ და წესებსაც გაგაცნობთ. ზოგიერთ ვოლიერში შესვლის უფლება გაქვთ, ზოგიერთი ცხოველი თავისუფლად დასეირნობს ბუდაპეშტის ზოოპარკის ტერიტორიაზე.
ზოოპარკში იხილავთ ძუძუმწოვრებს, პეპლების ოთახს, მიწისქვეშა აკვარიუმს, პალმების პავილიონს, ეგზოტიკურ ხეებსა და ბუჩქებს, იაპონურ ბაღს.
- ბუდაპეშტის ცირკი - ზოოპარკსა და საბავშვო ატრაქციონების პარკს შორის მდებარეობს. თუ იქ შესვლას წინასწარ დაგეგმავთ, გიჯობთ, ბილეთები ინტერნეტით შეიძინოთ, რადგან სალაროებთან შესაძლოა საკმაოდ გრძელი რიგი დაგხვდეთ.
პარკის ტერიტორიაზე არის სახვითი ხელოვნების მუზეუმი (აქ გამოფენილია რაფაელის, ტიციანის, ველასკესის, ელ გრეკოს, რუბენსის, რემბრანდტის, რენუარის, გოგენისა და სხვათა ნამუშევრები) და ტრანსპორტის ისტორიის მუზეუმი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ხელით შეეხონ ექსპონატებს და ჩასხდნენ კიდეც მათში.
ესეც ასე - ვაროშლიგეტის პარკიც დავათვალიერეთ.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია