რომში მრავალი ღირსშესანიშნაობაა, რომლებსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს. ბოლო დროს იტალიის დედაქალაქში ქცევის ბევრი ახალი წესი შემოიღეს. გარწმუნებთ, მათი ცოდნა ნამდვილად გამოგადგებათ. ეს წესები მიიღეს ტურისტების გაზრდილი ნაკადისგან ღირსშესანიშნაობებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად. ასე მაგალითად, ტურისტებს ეკრძალებათ "მარადიული ქალაქის" შადრევნებში ბანაობა, ქანდაკებებზე აძრომა. ეს, პირველ ყოვლისა, ტრევის შადრევანს ეხება, რომლის გვერდითაც ბოლო წლებში ვანდალიზმის არაერთი აქტი განხორციელდა. ახლა პოლიციას უფლება აქვს გადაკეტოს მისასვლელი ღირსშესანიშნაობებთან, თუ მას ტურისტების დიდი ნაკადი მიაწყდება.
გარდა ამისა, რომში ტურისტებს აეკრძალათ ქალაქის კიდევ ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის - ესპანური კიბის - საფეხურებზე ჩამოჯდომა და მათზე ბორბლებიანი ჩემოდნების ტარება.
აკრძალულია, აგრეთვე, ქალაქის ქუჩებში წელზემოთ შიშველი სიარული, იმ საკვების გამოყენება, რომელიც შესაძლოა დაიყაროს ან დაიღვაროს. არ შეიძლება შადრევნებზე ტუჩებით შეხება და წყლის დალევა. ამისთვის თან ჭიქა უნდა იქონიოთ.
ლაციოს პროვინციაში ტურისტებისთვის, რომლებსაც რესტორანში ან კაფეში არაფერი შეუკვეთავთ, ტუალეტით სარგებლობა ფასიანია. ეს ეხება ბარებსაც, პიცერიებსაც და ა.შ. წესების დამრღვევებს ემუქრებათ ჯარიმა 250-450 ევროს ოდენობით. შესაძლოა, აგრეთვე, პირის იძულებითი გაყვანა ქალაქის განსაზღვრული რაიონიდან 48 საათით.
აი, კიდევ რამდენიმე რჩევა, რომლებიც შესაძლოა გამოგადგეთ:
- აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებში არ ენდოთ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ პირებს, რომლებიც რაღაც ჟეტონს გაჩვენებენ და გეუბნებიან, რომ პოლიციელები ან დეტექტივები არიან - დიდი ალბათობით, საქმე თაღლითებთან გაქვთ. მოსთხოვეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
- ქალაქის ცენტრში და ხალხმრავალ ადგილებში უფრთხილდით ჯიბის ქურდებსა და შიპატორეს (მოპედებზე შემომსხდარ ქურდებს). ზოგჯერ ისინი ჯგუფურად მოქმედებენ: ერთი ყურადღებას გაგიფანტავთ, მეორე კი რამეს მოგპარავთ. მათ შეუძლიათ გამვლელებს ჩავლისას ჩანთა გამოჰგლიჯონ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ნივთებს, ფული და დოკუმენტები კი სასტუმროს სეიფში შეინახეთ.
- ვატიკანსა და ეკლესიებში მინიკაბით, შორტით, გულამოღებული კაბით და უსახელო სამოსით არ შეგიშვებენ.
- ეკლესიის შესასვლელში შესაძლოა ვინმე გადაგეღობოთ და ფულის გადახდა მოგთხოვოთ. ყურადღება არ მიაქციოთ - რომის ეკლესიებში შესვლა უფასოა.
- ხალხმრავალ ადგილებში ხშირად არიან ადამიანები, რომლებიც სუვენირებს ჰყიდიან მათ შესაძლოა გითხრათ, რომ მოეწონეთ და სუვენირს გჩუქნიან, მაგრამ როგორც კი გამოართმევთ, ფულის გადახდას მოგთხოვენ. ამიტომ ასეთებს მკაცრად მოექეცით და არაფერი გამოართვათ.
- არ გაჰყვეთ უცხო ადამიანს რესტორანში ან ბარში, თუნდაც ის ქალიშვილთან ერთად იყოს - რამდენიმე ასეული ევროს შამპანურს შეუკვეთენ და ფულის გადახდა თქვენ მოგიწევთ.
- გირჩევთ, თან გქონდეთ პატარა სასაუბრო წიგნი, ვინაიდან ადგილობრივებმა ცუდად იციან უცხო ენები.
- ჯიბგირებს განსაკუთრებით ტერმინის სადგურზე უფრთხილდით.
- თუ უცხო მამაკაცმა თავი მოგაბეზრათ, უთხარით: "Sto aspettando il marito" (სტო ასპეტანდო ილ მარიტო), რაც ნიშნავს "ქმარს ველოდები". თუ ავტობუსში ან მეტროს ვაგონში მამაკაცი გავიწროვებთ, ნუ მოგერიდებათ და შესძახეთ "Aiuto!" - იტალიაში სექსუალურ ძალადობაზე მძაფრად რეაგირებენ, ამიტომ თქვენი სიმშვიდის დამრღვევი თავს დაგანებებთ და წავა.
- არ გირჩევთ ღამით რომში მარტო სეირნობას.
საგანგებო ვითარების სამსახურების ტელეფონის ნომრებია: კარაბინერები -112; პოლიცია - 133; სასწრაფო სამედიცინო დახმარება - 118; სახანძრო - 115; იტალიის ტურიზმის სამინისტროს დახმარების სამსახური - +39039039 (საუბრობენ შვიდ ენაზე).
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია