უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 ანდრაშის პროსპექტი - ბუდაპეშტის ელისეს მინდვრები

ანდრაშის ლამაზი პროსპექტი ბუდაპეშტის შუაგულში რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. აქ ბევრი საინტერესო ადგილია, თვითონ ეს პროსპექტი კი უნგრეთის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობაა. იგი ახალგაზრდების საყვარელ ფერენც დეაკის მოედანს ვაროშლიგეტის პარკთან ერთებს, რომელსაც მეტწილად უფროსი თაობის ადამიანები ეტანებიან. ანდრაშის პროსპექტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





მცირე ისტორიული ექსკურსი


ანდრაშის პროსპექტის მშენებლობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა არქიტექტორ მიკლოშ იბლის პროექტის მიხედვით და 1896 წელს დასრულდა. იდეის ავტორს სურდა, ქალაქის ცენტრში ლამაზი სატრანსპორტო და სასეირნო არტერია შეექმნა, მაგრამ მის გახსნას ვერ მოესწრო. სხვებმა გადაწყვიტეს, ეს უნგრეთის სახელმწიფოს შექმნის 1000 წლის იუბილესთვის მიესადაგებინათ. ამისთვის 200-ზე მეტი სახლი დაანგრიეს, რომელთა ნაწილიც ახლით, ფსევდოისტორიულით შეიცვალა. პროსპექტს სახელი ამ იდეის ავტორის, ავსტრია-უნგრეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, დიულა ანდრაშ-უფროსის პატივსაცემად დაარქვეს. ამ ელეგანტურ და ლამაზ პროსპექტს ხშირად ბუდაპეშტის ელისეს მინდვრებსაც უწოდებენ.



1896 წელსვე გაჩნდა ქალაქში კონტინენტური ევროპის პირველი მეტრო, დღევანდელი "ყვითელი ხაზი". ის სწორედ ამ 2,5-კილომეტრიანი პროსპექტის ქვეშ, რამდენიმე მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და ტურისტული ატრაქციონი უფროა, ვინაიდან ნამცეცა სადგურებიცა და მატარებლებიც 100-ზე მეტი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ შეცვლილა.



თუ ქუჩას პირობითად ორ ნაწილად გავყოფთ, გმირთა მოედნიდან ოქტოგონის მოედნამდე მდიდრულ სახლებსა და უცხოეთის ქვეყნების საელჩოებს შევხვდებით.


ყველაზე ხალხმრავალი ადგილი ოქტოგონიდან წმინდა იშტვანის ბაზილიკამდეა. აქ მდებარეობს მაღაზიები, რესტორნები, სუვენირების ჯიხურები, სასტუმროები.



ანდრაშის პროსპექტის ღირსშესანიშნაობები


ფოსტის შენობა - განთავსებულია XIX საუკუნის მიწურულის შენობაში და იმდროინდელი ფოსტის ზუსტი ასლია. შეიცავს ორ ათეულამდე ექსპონატს.



მისამართი - Benczúr út 27.

მუშაობის საათები - ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00-18:00.

შესვლის საფასური - 600 ფორინტი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ საიტზე: postamuzeum.hu.


ოპერის თეატრი - ფუნქციონირებს 1884 წლიდან. პროექტის ავტორია მიკლოშ იბლი - ანდრაშის პროსპექტის არქიტექტორი. უნგრეთის ოპერის თეატრი განთქმულია თავისი აკუსტიკური მახასიათებლებით და ევროპაში მესამე ადგილზეა.



მისამართი - ანდრაშის პროსპექტი 22.

ოფიციალური საიტი: opera.hu. უფრო დეტალურად იხილეთ აქ.


ტერორის სახლი (Terror Háza) - მნახველებს 2002 წლიდან იღებს. მუზეუმის შენობა აშკარად გამოიჩევა ანდრაშის პროსპექტზე მდებარე სხვა სახლებისგან. იგი უნგრეთში ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება.



მისამართი - ანდრაშის პროსპექტი 60.

ოფიციალური საიტი - terrorhaza.hu.

მუშაობის საათები - ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00-18:00.

შესასვლელი ბილეთის ღირებულება - 2000 ფორინტი.


ფერენც ლისტის მუზეუმი (Liszt Ferenc emlékmúzeum) - მუზეუმი ამ უდიდესი კომპოზიტორის მიერ შექმნილ კონსერვატორიაში მდებარეობს. ეს არის სამი ოთახი, რომლებშიც ფერენც ლისტი ცხოვრობდა, მუშაობდა და მეგობრებისთვის პატარ-პატარა კონცერტებს მართავდა.



მისამართი - Vörösmarty út.35.

ოფიციალური საიტი - lisztmuseum.hu.

მუშაობის საათები - ყოველდღე, კვირის გარდა, ორშაბათიდან პარასკევამდე - 10:00-18:00, შაბათს - 09:00-17:00.

შესასვლელი ბილეთის ღირებულება - 1300 ფორინტი.


თოჯინების თეატრი (Budapest Bábszínház) - ერთ-ერთი უდიდესია ცენტრალურ ევროპაში. გაიხსნა 1907 წელს. ყოველწლიურად მას 100 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს. თეატრის რეპერტუარში არის სპექტაკლები როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.



მისამართი - ანდრაშის პროსპექტი 69.

ოფიციალური საიტი - budapest-babszinhaz.hu.


ანდრაშის პროსპექტიდან შეგიძლიათ ვაროშლიგეტის პარკს ეწვიოთ, სადაც მდებარეობს ბუდაპეშტის ზოოპარკი, სეჩენის საბანაოები, ანონიმუსის ძეგლი და მრავალი სხვა.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!