უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 გმირთა მოედანი და მისი ღირსშესანიშნაობები

ბუდაპეშტის გმირთა მოედანი ერთ-ერთი უმთავრესია უნგრეთის დედაქალაქში. იქ აღმართული ქანდაკებების მიხედვით ქვეყნის ისტორიის შესწავლაც კი შეიძლება. მოდი, მოკლედ გავეცნოთ მას და ახლომდებარე სხვა საინტერესო ღირსშესანიშნაობებსაც. ვნახოთ, როგორ გამოსახეს უნგრელებმა თავიანთი სიმტკიცე და ერთიანობა. გარწმუნებთ, აქედან უკმაყოფილო არ წახვალთ. შეგახსენებთ, რომ გმირთა მოედანი ანდრაშის პროსპექტის ბოლოში მდებარეობს, ვაროშლიგეტის პარკის გვერდით, და ის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





უწინ აქ დიდი მინდორი იყო და მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად იკრიბებოდნენ, დიდებულები კი უზარმაზარ ნაირფერ კარვებს დგამდნენ. სწორედ ამ ადგილას შეგროვდა 100 ათასი მებრძოლი მორიგ ჯვაროსნულ ომში წასასვლელად.


მოედანზე მასობრივი მშენებლობა XIX და XX საუკუნის მიჯნაზე დაიწყო. პირველი ქანდაკება 1896 წელს დაიდგა, უნგრეთის სახელმწიფოებრიობის 1000 წლისთავთან დაკავშირებით. მას ასეც ეწოდა - ათასწლეულის ქანდაკება. ეს არის კორინთული სტილის კოლონა და მასზე შემომდგარი მთავარანგელოზი გაბრიელი. მისი ფიგურა შემთხვევით არ აურჩევიათ. ლეგენდის თანახმად, სწორედ მან დაარწმუნა მძინარე მეფე იშტვანი, რომ ქრისტიანობა მიეღო და მთელ ქვეყანაშიც გაევრცელებინა. 36 მეტრი სიმაღლის ქანდაკების ძირში იმ შვიდი მადიარი ბელადის ძეგლია, რომლებმაც კარპატები 896 წელს გადმოლახეს. აღსანიშნავია, რომ მემორიალური ფილის ქვეშ მდებარეობს 971 მეტრი სიღრმის არტეზიული ჭაბურღილი, რომლის თერმული წყალიც სეჩენისა და დაგალის საბანაოებს მიეწოდებათ.



85 მეტრი სიგრძის კოლონადებში სხვადასხვა დინასტიის უნგრელი დიდებულების ქანდაკებებია. არპადების დინასტიიდან: წმინდა იშტვანი, წმინდა ლასლო, კალმან I "მწიგნობარი", ანდრაშ II, ბელა IV; ანჟუს დინასტიიდან: კარლ რობერტი, ლუდოვიკ I "დიდი", იანოშ ჰუნიადი, მატიაშ კორვინი; ტრანსილვანიელები: იშტვან ბოჩკაი, გაბორ ბეტლენი, იმრე ტეკელი და ფერენც II რაკოცი. დაბოლოს, ცნობილი უნგრელი მოღვაწე, ხალხის გათავისუფლებისთვის მებრძოლი ლაიოშ კოშუტი.



გმირთა მოედნის აქეთ-იქით მდებარეობს სახვითი ხელოვნების მუზეუმი და საგამოფენო ცენტრი მიუჩარნოკი. მოედნის მიღმა ვაროშლიგეტის პარკია, სადაც მოხვედრა ყველაზე მარტივად ანდრაშის პროსპექტიდან შეგიძლიათ.


ვაროშლიგეტის პარკი ბუდაპეშტის ცენტრალური პარკია. ის ადგილობრივი მოსახლეობისა და დედაქალაქის სტუმრების საყვარელი დასასვენებელი ადგილია. მის ტერიტორიაზე ბევრი საინტერესო ობიექტია.


ვაიდაჰუნიადის ციხეკოშკი - XIX საუკუნის მიწურულის ეკლექტიკური შენობაა: გოტიკის, რენესანსისა და ბაროკოს ნაზავი. ამჟამად მასში უნგრეთის სოფლის მეურნეობის მუზეუმია განთავსებული, რომლის მახლობლადაც ანონიმუსის ძეგლი დგას.


სეჩენის საბანაოები - ევროპის უდიდესი საბანაო კომპლექსია და ის XX საუკუნის დასაწყისში აიგო. აქ რამდენიმე ათეული აუზია, ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის ბალნეოლოგიური თერაპია.


დროის ბორბალი


დროის ბორბალი ქვიშის უზარმაზარი საათია. ის გმირთა მოედნის გვერდით 2004 წელს დადგეს, ევროკავშირში უნგრეთის შესვლის აღსანიშნავად. წელიწადში ერთხელ, 31 დეკემბერს, ბორბალი 180-გრადუსიან ბრუნს აკეთებს და ქვიშა ერთი სამკუთხედიდან მეორეში იყრება.



ქანდაკება 1956 წლის მოედანზე


ეს ძეგლი უნგრეთის ისტორიის ერთ-ერთ ტრაგიკულ მოვლენას ასახავს. 1956 წელს საბჭოთა კავშირმა ბუდაპეშტში ტანკები შეიყვანა და უნგრეთის დედაქალაქში წარმოქმნილი სახალხო მღელვარება სისხლში ჩაახშო. ქანდაკება უდავოდ გაგაოცებთ თავისი ორიგინალურობით.



ეს ქანდაკება უნგრელი ხალხის სიმტკიცეს, ერთიანობასა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას ეძღვნება.


იმ ტრაგიკულ მოვლენებს სხვა ქანდაკებებიც ასახავს.




გმირთა მოედნის გასაცნობად გირჩევთ ანდრაშის პროსპექტს ფეხით გაუყვეთ.








© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!