თუ უნგრეთის დედაქალაქში რამდენიმე დღით ჩადიხართ, დაბეჯითებით გირჩევთ, ბუდაპეშტის მუზეუმების დასათვალიერებლადაც გამოჰყოთ დრო. თუ ხელოვნების, ისტორიისა და კულტურის მოყვარული ხართ, ნამდვილად არ ინანებთ, რადგან ეს მუზეუმები ბევრ საინტერესოს შემოგთავაზებენ. რად ღირს თუნდაც უდიდეს მხატვართა ფერწერული ტილოები, მრავალსაუკუნოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები და მსოფლიო კულტურის ეთნოგრაფიული ნიმუშები. ყურადღებით გაეცანით ამ სტატიას, გეგმა შეადგინეთ და გზას გაუდექით.
ქვემოთ ბუდაპეშტის მხოლოდ რამდენიმე მუზეუმს შევეხებით, ვინაიდან მისი ყველა მუზეუმის აღწერას მთელი წიგნის დაწერა დასჭირდება. მაშ, ასე, დავიწყოთ.
სახვითი ხელოვნების მუზეუმი
მუზეუმი დაარსდა 1896 წელს, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნების ნაწარმოებების საცავი და ექსპოზიცია. ამჟამად ეს ის მუზეუმია, სადაც სახვითი ხელოვნების უცხოური ექსპონატების ყველაზე დიდი რაოდენობაა თავმოყრილი.
მუზეუმში 100 ათასზე მეტი ნიმუშია. აქ წარმოდგენილია ესპანური ფერწერის უდიდესი კოლექცია, ძველი ეგვიპტის, ანტიკური ხელოვნების, ძველებური ქანდაკებების კოლექცია. გრაფიკიდან და გრავიურიდან აღსანიშნავია ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტისა და გოიას ნამუშევრები, შედარებით ახალი ოსტატებიდან - როდენის, სეზანის, მონეს, მანეს, შაგალის ქმნილებები.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00-18:00.
ბილეთის ღირებულება:
- მოზრდილებისთვის - 3400 ფორინტი, ევროკავშირის ქვეყნების 6-26 და 62-70 წლის მოქალაქეებისთვის - 1700 ფორინტი, შესვლა უფასოა ნებისმიერი ქვეყნის 6 წლამდე ბავშვებისთვის და ევროკავშირის 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.
მუზეუმის მისამართია: Dózsa György út, 41, გმირთა მოედნისა და ვაროშლიგეტის პარკის გვერდით.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროთი: ყვითელი M1 ხაზი, გაჩერება Hősök tér.
- ავტობუსით: №20, 30, 30A, 105, 230, გაჩერება Hősök tér М.
- ტროლეიბუსით: №79, გაჩერება Benczúr útca, ან №72, 75, გაჩერება Állatkert.
დეტალები და უახლესი ინფორმაცია იხილეთ მუზეუმის ოფიციალურ საიტზე: http://www.szepmuveszeti.hu.
გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი
ეს მუზეუმიც 1896 წელს აშენდა, უნგრეთის სახელმწიფოებრიობის 1000 წლისთავის აღსანიშნავად. მასში მრავალი კულტურის ელემენტია შერწყმული. სახურავი ჟოლნაის ფაბრიკის ზურმუხტისფერი კრამიტითაა შემკული.
ცენტრალური დარბაზიდან შემინული გასასვლელებით ცალკეულ საგამოფენო ოთახებში მოხვდებით. აქ ნახავთ შუშის, კერამიკის, ფაიფურის, ბრინჯაოსა და ხის ნაკეთობებს, ნაციონალური კოსტიუმებისა და საფეიქრო ნივთების ელემენტებს, საყოფაცხოვრებო საგნებს და საიუველირო სამშვენისებს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს აღმოსავლური ხელოვნების დარბაზი, სადაც ხალიჩების საუკეთესო ნიმუშებს იხილავთ. აქვეა ეშტერჰაზების შთამბეჭდავი საგვარეულო კოლექცია.
მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 - 18:00.
ბილეთების ღირებულება: მოზრდილებისთვის - 4400 ფორინტი; ევროკავშირის ქვეყნების 6-26 და 62-70 წლის მოქალაქეებისთვის - 50%-იანი ფასდაკლება, შესვლა უფასოა ნებისმიერი ქვეყნის 6 წლამდე ბავშვებისთვის და ევროკავშირის 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.
მუზეუმის მისამართია: Üllői út, 33-37.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროთი: ლურჯი M3 ხაზი, გაჩერება Corvin-negyed;
- ავტობუსით: №6, გაჩერება Corvin-negyed М;
- ტროლეიბუსით: №83, გაჩერება Üllői út;
- ტრამვაით: №4, 6, გაჩერება Corvin-negyed М.
ოფიციალური საიტი: imm.hu.
ეთნოგრაფიული მუზეუმი
პირველი კოლექცია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ მუზეუმს, 1872 წელს შეგროვდა. ეს იყო XVIII-XIX საუკუნეებში ეთნიკური უნგრელებით დასახლებულ ადგილებში მოძიებული ექსპონატები. თანამედროვე კოლექციის ძირითად ნაწილს პირველ მსოფლიო ომამდე მოუყარეს თავი. XX საუკუნეში მას უნგრელი კოლექციონერები და მრავალრიცხოვანი მოგზაურები ავსებდნენ. 1973 წელს ყველა ექსპონატი მართლმსაჯულების სასახლეში გადაიტანეს, რომელიც, სხვათა შორის, 1896 წელს ააგეს (კვლავაც უნგრეთის ათასწლოვან იუბილესთან დაკავშირებით). მუზეუმი უნგრეთის პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს დგას.
ამჟამად კომპლექსში 200 ათასზე მეტი ექსპონატია, რაც ძალიან დიდი რიცხვია. მუზეუმში თავმოყრილია ეთნოგრაფიული არტეფაქტები, ძირითად საფუძველს კი უნგრული კულტურის კოლექცია ქმნის: სხვადასხვა ეპოქის ავეჯი, საეკლესიო ინტერიერის ელემენტები, ხატები, საყოფაცხოვრებო და რეწვის ობიექტები, რეგიონების კულტურის ექსპონატები.
მოზრდილი კოლექციაა წარმოდგენილი უნგრეთის საბაჟოდან: 3 ათასამდე საბავშვო სათამაშო და 20 ათასზე მეტი ფოლკლორული ობიექტი (მათ შორის 3 ათასი მოხატული კვერცხი). აქ არის მუსიკალური ინსტრუმენტები და ჩანაწერები. ევროპული კულტურის გვერდით თავს იწონებენ აზიის, ოკეანიისა და აფრიკის ეთნოსები.
ბილეთის ღირებულება:
- მოზრდილებისთვის - 3500 ფორინტი, 6-26 მოქალაქეებისთვის - 1500 ფორინტი, 62-70 წლის მოქალაქეებისთვის - 1750 ფორინტი, შესვლა უფასოა ნებისმიერი ქვეყნის 6 წლამდე ბავშვებისთვის და ევროკავშირის 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.
მუშაობის საათები: სამშაბათიდან კვირის ჩათვლით - 10:00 - 18:00. გამოსასვლელი დღე - ორშაბათი.
მუზეუმის მისამართია: Kossuth Lajos tér, 12.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროთი: წითელი M2 ხაზი, გაჩერება Kossuth Lajos tér.
- ავტობუსით: №15, გაჩერება Kossuth Lajos tér М.
- ტროლეიბუსით: №70, 78, გაჩერება Kossuth Lajos tér.
- ტრამვაით: №2, გაჩერება Kossuth Lajos tér М.
დეტალები და უახლესი ინფორმაცია იხილეთ მუზეუმის ოფიციალურ საიტზე: http://www.neprajz.hu.
ტერორის მუზეუმი
ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პირქუში მუზეუმი ისტორიულ შენობაში, ანდრაშის პროსპექტზე მდებარეობს. არადა, 1880 წელს ის ჩვეულებრივი სახლის სახით ააგეს. XX საუკუნის 30-იან წლებში შენობა "გადაჯვარედინებულმა ისრებმა" - ნაციონალურ-სოციალისტურმა პარტიამ დაიქირავა და მის სარდაფებში საპატიმრო და საწამებელი საკნები განათავსა. მეორე მხოფლიო ომის შემდეგ ის სახელმწიფო უშიშროების სამმართველომ დაიკავა. კომუნისტურმა ხელისუფლებამ საწამებელი საკნების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა. 2000 წლისთვის შენობა ისტორიის კვლევის ფონდმა გამოისყიდა და 2002 წელს იქ ტერორის მუზეუმი გახსნეს.
ეს კომპლექსი ბუდაპეშტის არცერთ სხვა მუზეუმს არ ჰგავს. კლასიკურ ნაცრისფერ სახლს თავზე დიდი საჩეხი აქვს შემოვლებული, რომელზეც სიტყვა "ტერორია" ამოჭრილი. თავდაპირველად გეგონებათ, რომ ის არასწორად წერია, მაგრამ შემქმნელების ჩანაფიქრი მზიან დღეებში მჟღავნდება, როდესაც საჩეხის ჩრდილი შენობას ეცემა.
შიგნით, სამ სართულზე, დარბაზებია, სადაც ნაცისტური და კომუნისტური ტერორის ექსპოზიციაა გამოფენილი. პირველს რამდენიმე ოთახი უკავია, მეორეს - თითქმის მთელი შენობა. მუზეუმის ატრიუმში ნამდვილი საბჭოთა ტანკი დგას, კედლებზე ტერორის მსხვერპლთა ფოტოსურათებია გაკრული.
ბუდაპეშტის ტერორის მუზეუმი გულგრილს არავის დატოვებს. აქ არის დარბაზი იატაკზე გამოსახული რუკით, რომელზეც უნგრეთიდან გადასახლებულთა ბანაკებია მონიშნული. აქვე იხილავთ სასამართლო დარბაზს, სადაც კედლების ნაცვლად, ასობით საქაღალდეა მსჯავრდადებულთა პირადი საქმეებით.
ბილეთის ღირებულება (იყიდება მხოლოდ სალაროებში):
- მოზრდილებისთვის - 4000 ფორინტი, ევროკავშირის ქვეყნების 6-26 და 62-70 წლის მოქალაქეებისთვის - 2000 ფორინტი, შესვლა უფასოა ნებისმიერი ქვეყნის 6 წლამდე ბავშვებისთვის და ევროკავშირის 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 - 18:00.
მუზეუმის მისამართია: Andrássy út, 60.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროთი: ყვითელი M1 ხაზი, გაჩერება Vörösmarty útca.
- ავტობუსით: №105, გაჩერება Vörösmarty útca М.
- ტროლეიბუსით: №73, 76, გაჩერება Vörösmarty útca M.
- ტრამვაით: №4, 6, გაჩერება Oktogon M.
დეტალები და უახლესი ინფორმაცია იხილეთ მუზეუმის ოფიციალურ საიტზე: http://www.terrorhaza.hu.
ისტორიის მუზეუმი
1887 წელს დაფუძნებულმა კომპლექსმა რამდენიმე ადგილსამყოფელი გამოიცვალა და ამჟამად ის ბუდას ციხეკოშკის ტერიტორიაზე (მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრთაში) მდებარეობს. კიდევ ერთი ფილიალი (აკვინკუმისა და ბუდაპეშტის გალერეის გარდა) - კიშცელის მუზეუმი - დედაქალაქის ობუდას რაიონშია განთავსებული.
მუზეუმი სამ დიდ ნაწილად იყოფა. ერთი პირველყოფილ და ანტიკურ პერიოდს ასახავს. აქ წარმოდგენილია არქეოლოგების მიერ აკვინკუმში ნაპოვნი ექსპონატები, ბუდასა და პეშტის, ასევე უფრო ადრეული ეთნოსების ისტორია. მეორე განყოფილება შუა საუკუნეებს შეეხება. აქაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ობიექტებია. ახალი და უახლესი ეპოქა საინტერესოა აქ შენახული დოკუმენტების თვალსაზრისით, რომლებიც ბუდაპეშტის განვითარების სხვადასხვა ეტაპს ასახავს. იხილავთ არპადებისა და ანჟუს დინასტიათა გოტიკისა და აღორძინების სტილის სასახლეების ნანგრევებს. მუზეუმში არის მეფე მატიაშ კორვინის დარბაზისა და დედოფლის ოთახის ინტერიერები, XIV საუკუნის თითქმის დაუზიანებელი სამლოცველო.
- მოზრდილებისთვის - 2400 ფორინტი, ევროკავშირის ქვეყნების 6-26 და 62-70 წლის მოქალაქეებისთვის - 1200 ფორინტი, შესვლა უფასოა ნებისმიერი ქვეყნის 6 წლამდე ბავშვებისთვის, ევროკავშირის 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.
მუშაობის საათები: სამშაბათიდან კვირის ჩათვლით - 10:00 - 18:00 (ნოემბერ-თებერვალში 16:00-მდე). გამოსასვლელი დღე - ორშაბათი.
მუზეუმის მისამართია: Szent Gyorgy tér, 2 (წმინდა გიორგის მოედანი).
მისასვლელად ისარგებლეთ:
- ტრამვაით: №17, 56, გაჩერება Dózsa György tér და 20 წუთი ფეხით. ან №19, 41, გაჩერება Clark Ádám tér და 20 წუთი ფეხით (ან ფუნიკულიორით);
- ავტობუსით: №16, 105, გაჩერება Clark Ádám tér და ოცი წუთი ფეხით (ან ფუნიკულიორით). №16, 16A, 116, გაჩერება Dísz tér და 10 წუთი ფეხით.
დეტალები და უახლესი ინფორმაცია იხილეთ მუზეუმის ოფიციალურ საიტზე: http://www.btm.hu.
უნგრეთის ეროვნული მუზეუმი
უნგრეთის ეროვნული მუზეუმი 1802 წელს დაარსდა და არქიტექტორ მიხაი პოლაკის მიერ დაპროექტებულ შენობაში მდებარეობს. მუზეუმის ექსპოზიციას საფუძვლად დაედო გრაფ ფერენც სეჩენის მონეტების, წიგნებისა და ხელნაწერების კოლექციები. მუზეუმი ეძღვნება უნგრეთის ისტორიასა და ხელოვნებას და მოიცავს პერიოდს სახელმწიფოს დაარსებიდან 1990-იან წლებამდე. აქ ინახება მოცარტის კლავიკორდი, ეშტერჰაზის ბარიტონი, ბეთჰოვენისა და ლისტის როიალები და სხვა.
- მოზრდილებისთვის - 2900 ფორინტი, ყველა გამოფენაზე დასასწრები ბილეთი - 5000 ფორინტი; ევროკავშირის ქვეყნების 6-26 და 62-70 წლის მოქალაქეებისთვის - 1450 ფორინტი,ყველა გამოფენაზე დასასწრები ბილეთი - 2500 ფორინტი; შესვლა უფასოა ნებისმიერი ქვეყნის 6 წლამდე ბავშვებისთვის, ევროკავშირის 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 - 18:00.
მუზეუმის მისამართია: Muzeum krt., 14-16.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროთი: M3, M4 ხაზი, გაჩერება Kálvin tér; M2 ხაზი, გაჩერება Astoria.
- ავტობუსით: №5, 7, 107, 110, 112, 133, 178, 233, 239, გაჩერება Astoria; №9, 15 და 115, გაჩერება Kálvin tér.
- ტრამვაით: №47, 48 და 49, გაჩერება Kálvin tér.
დეტალები და უახლესი ინფორმაცია იხილეთ მუზეუმის ოფიციალურ საიტზე: https://mnm.hu.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია