უფასო ონლაინ-მეგზური ჩეხეთსა და პრაღაში


პრაღის დათვალიერება 1 დღეში

პრაღის ერთ დღეში დათვალიერება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუმცა ჩეხეთის დედაქალაქის უმთავრეს ღირსშესანიშნაობებს კი გაეცნობით. ტურისტებს საოცრად ხიბლავს ვიწრო მოკირწყლული ქუჩები, სახლები ლამაზი კრამიტის სახურავებით, შუა საუკუნეების არქიტექტურა. როგორც წესი, აქ რამდენიმე დღით ჩამოდიან, მაგრამ თუ ასე დაგეგმეთ, სხვა რა გზაა - ერთ დღეში უნდა ჩაეტიოთ. დაგეხმარებით მარშრუტის შერჩევაში. გირჩევთ, პრაღასთან დაკავშირებულ ყველა სტატიას ყურადღებით გაეცნოთ და, საჭიროების შემთხვევაში, მარშრუტის კორექტირება მოახდინოთ. ყველაფერი ხომ თქვენს გემოვნებასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.



ტურისტებისთვის ერთდღიანი დათვალიერების სიაში ტრადიციულად შედის ციხეკოშკების კომპლექსი "პრაღის გრადი" - ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი. სოფლის ციხესიმაგრის ადგილას ჩეხი მმართველების რეზიდენცია ააგეს. ამჟამად კი იქ პრეზიდენტის რეზიდენციაა. ციხესიმაგრის ისტორია 1000 წელზე მეტს ითვლის და ის მსოფლიოში ციხეკოშკების ყველაზე დიდი კომპლექსია.



მთავარი ნაგებობა წმინდა ვიტას ტაძარია, გოტიკური არქიტექტურის ნიმუში.



აქ ხდებოდა ჩეხეთის მეფეებისთვის გვირგვინის დადგმა, აგრეთვე, მათი და სხვა დიდგვაროვნების დაკრძალვა. ამჟამად ეს მოქმედი ტაძარია. შეგიძლიათ ახვიდეთ კოშკზე და გადმოსახედი მოედნიდან საოცარი ხედებით დატკბეთ.


დეტალურად წმინდა ვიტას ტაძრის შესახებ =>>


პრაღის გრადში გამოვყოფთ "ოქროს ქუჩას" ("ზლატა ულიჩკა"),



სამეფო ბაღს, რომელშიც აღსანიშნავია დედოფალ ანას საზაფხულო სასახლე,




აგრეთვე პრეზიდენტების სახლი, სადაც 1989 წლამდე ჩეხეთის პრეზიდენტები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ:



სამეფო ბაღის მომღერალი შადრევანი აღორძინების ეპოქის კიდევ ერთი ობიექტია. მისი შემქმნელი ტომაშ იაროშია. შადრევანი ხუთ ტონას იწონის.



პრაღის გრადში შედის ძველი სამეფო სასახლე, სადაც ამჟამად საპრეზიდენტო არჩევნები იმართება,



აგრეთვე X საუკუნის წმინდა ირჟის (გიორგის) მონასტერი. ის იმითაა ცნობილი, რომ მის კედლებში პირველი ჩეხი დიდგვაროვნები მოინათლნენ, რომლებმაც ქრიატიანობის გზა აირჩიეს:



დეტალურად პრაღის გრადის შესახებ =>>


გრადჩანის მოედნის გავლით წადით პრაღის XII საუკუნის სტრაგოვსკის მონასტრისკენ, რომელიც ცნობილია ბიბლიოთეკით, სურათების გალერეითა და ლუდსახარშით:



თუმცა, სანამ იქით გაემართებით, გრადჩანის მოედანზე თვალი შეავლეთ რამდენიმე ღირსშესანიშნაობას. ესენია: XVI საუკუნის არქიეპისკოპოსის სასახლე,



მის უკან მდებარე XVII საუკუნის არქიტექტურის საუცხოო ნიმუში შტერნბერგის სასახლე, რომელიც ამჟამად ჩეხეთის ნაციონალური მუზეუმის საკუთრებაა,



XVI საუკუნის მარტინიცკის სასახლე,



XVII საუკუნის ტოსკანის სასახლე



და XVI საუკუნის შვარცენბერგის სასახლე:



აქედან გაემართეთ მალა სტრანას რაიონისკენ. ის 1257 წელს არის დაარსებული. საინტერესოა ვიწრო კოლორიტულ ქუჩებსა და ერთმანეთზე მჭიდროდ მიდგმულ შენობებს შორის გასეირნება. მთავარ, მალოსტრანსკის მოედანზე შემორჩენილია რენესანსისა და ბაროკოს ეპოქის ნაგებობები.



აქ მდებარეობს XVIII საუკუნის წმინდა მიკულაშას (ნიკოლოზის) ეკლესია ევროპაში ყველაზე დიდი ფრესკით (1500 კვ.მ.) (არ აგერიოთ - სტარომესტსკის მოედანზე წმ. ნიკოლოზის კიდევ ერთი ეკლესია დგას),



1715 წელს აგებული შავი ჭირის სვეტი - ის იმის მადლიერების ნიშნად აღმართეს, რომ ღმერთმა მათ შავი ჭირი მოაცილა.



აქვეა უამრავი სასახლე - მალტის, ვალდშტეინის, ლიხტენშტეინის, ლაიზერშტეინის და სხვ. აგრეთვე ვალდშტეინის ბაღი, რომელსაც სამხრეთიდან სტალაქტიტების კედელი არტყია.




რაიონს ესაზღვრება პრაღის გრადი და პეტრშინის ბორცვი, რომელიც ბუნებრივი ძეგლია. ბორცვზე 63,5 მეტრი სიმაღლის პეტრშინის კოშკია გადმოსახედი მოედნით.



მალოსტრანსკის ხიდის კოშკებიდან იწყება გზა კარლოვის ხიდისკენ, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა. იქამდე ჩაუვლით ჯონ ლენონის კედელს.



ესეც კარლოვის ხიდი! შუა საუკუნეების - 516 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის - მასშტაბური სასწაული, ერთგვარი მუზეუმი ღია ცის ქვეშ:



კარლოვის ხიდი პრაღის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა.


დეტალურად კარლოვის ხიდის შესახებ =>>


ახლა კარლოვის ქუჩით გადით სტარომესტკის მოედანზე პრაღის ძველ ქალაქში ("სტარე მესტო"). ეს მოედანი იმ სიის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომელიც პრაღაში ერთდღიანი მოგზაურობის დროს რომ უნდა ნახოთ. ჯერ კიდევ XII საუკუნეში აქ ბაზარი იყო, შემდეგ კი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები ხდებოდა. არქიტექტურულ ანსამბლში სხვადასხვა ეპოქისა და სტილის შენობები შედის. ყველაზე ცნობილი ნაგებობა XIV საუკუნის სტარომესტკის რატუშაა გადმოსახედი მოედნითა და ცნობილი ასტრონომიული საათით, რომელიც ყოველ საათში ერთხელ რეკავს, რასაც თან ფიგურების მსვლელობა ახლავს.



დეტალურად ასტრონომიული საათის შესახებ =>>


მოედნის სხვა ღირსშესანიშნაობებიდან გამოვყოფთ ტინსკის ტაძარს ორი მაღალი კოშკით (ერთს ადამი ჰქვია, მეორეს - ევა),



ჩეხეთის ეროვნული გმირის, იან ჰუსის, ძეგლს,



წმინდა მიკულაშას (ნიკოლოზის) ტაძარს,



რატუშაზე მიდგმულ სახლს, სახელწოდებით "წუთთან", ბიბლიური და მითოლოგიური პერსონაჟებით.



ცელეტნის ქუჩას, რომელზეც ბევრი სუვენირების მაღაზია და კაფეა, რესპუბლიკის მოედანზე დენთის კოშკთან მიგიყვანთ. გოტიკური სტილის ეს კოშკი ბარელიეფებითა და ქანდაკებებითაა დამშვენებული.



ერთ დროს იქ დენთის საწყობი იყო, ამჟამად კი ტურისტების მის სანახავად იმიტომ მიდიან, რომ 44 მეტრ სიმაღლეზე მდებარე გადმოსახედი მოედნიდან ქალაქის ხედით დატკბნენ. იქ ასასვლელად 186 საფეხურის დაძლევა მოგიწევთ. პირველ სართულზე შესვლა უფასოა, გადმოსახედ მოედანზე მოსახვედრად კი 100 კრონა უნდა გადაიხადოთ.


შემდეგ შეგიძლიათ გზას გაუყვეთ და ვაცლავის მოედანზე მოხვდეთ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. ძველი ქალაქის რაიონიდან ნოვე მესტოს რაიონში აღმოჩნდებით. ვინაიდან მოედანს წაგრძელებული ფორმა აქვს, მასზე ისე სეირნობენ, როგორც ბულვარზე.



სრული სახელწოდება წმინდა ვაცლავის მოედანია. სწორედ ცხენზე ამხედრებული წმინდა ვაცლავისა და ქვეყნის სხვა მფარველების ძეგლი დგას იქ.



მარშრუტს, რომელიც ქალაქის ცენტრზე გადის, "სამეფო გზას" უწოდებენ. საქმე ისაა, რომ ამ გზას გადიოდა ის პირი, რომელიც მეფედ უნდა ეკურთხებინათ. მარშრუტის გასწვრივ სპეციალური ნიშნებია დაყენებული, ასე რომ, ორიენტაციას ვერცხლისფერი ხაზები გაგიადვილებთ. ამ გზით მოძრაობა ყველაზე პოპულარული ვარიანტია ქალაქის გასაცნობად. ჩვეულებრივ, მას ბოლოდან, პრაღის გრადიდან იწყებენ, სადაც კურთხევა ხდებოდა, და უკუ მიმართულებით მოდიან, რათა სტარე მესტოში ფეხით სეირნობის შემდეგ ბორცვზე ასვლა არ გაუჭირდეთ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ პრაღის გრადამდე ტრამვაით ან მეტროთი მიხვიდეთ.


მარშრუტი "პრაღა 1 დღეში": პრაღის გრადი - მალა სტრანა - კარლოვის ხიდი - სტარომესტსკის მოედანი - დენთის კოშკი - ვაცლავის მოედანი. დენთის კოშკი ძველი ქალაქიდან გამოგიყვანთ, ვაცლავის მოედანი კი "სამეფო გზაში" არ შედის.


თუ გსურთ, ღირსშესანიშნაობები იმ თანმიმდევრობით მოინახულოთ, რომლითაც ქალაქში ჩეხეთის მომავალი მეფეები გადაადგილდებოდნენ, მარშრუტი რესპუბლიკის მოედანზე დენთის კოშკიდან დაიწყეთ და ძველი ქალაქის გავლით პრაღის გრადისკენ გაემართეთ. გასეირნების შემდეგ პეტრშინის ბორცვზე დაისვენებთ და დაისსაც იქ შეხვდებით.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!