ჩეხეთის დედაქალაქში, რომელსაც ოქროს პრაღას უწოდებენ, განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობა შუა საუკუნეების ატმოსფერო, ვინაიდან მასში იმ ეპოქის არა მხოლოდ ბევრი არქიტექტურული ძეგლია, არამედ მთელი რაიონები, რომლებმაც სრულად შეინარჩუნეს თავიანთი უწინდელი იერსახე. გირჩევთ, რა დაათვალიეროთ პრაღაში ორ დღეში, რათა მასზე მკაფიო წარმოდგენა შეგექმნათ. შეგიძლიათ ეწვიოთ სხვადასხვა რაიონებსა და მდინარე ვლტავის ორივე ნაპირს, უმთავრეს ღირსშესანიშნაობებსა და გადმოსახედ მოედნებს. რამდენიმე მუზეუმის დათვალიერებასაც მოასწრებთ თქვენთვის სასურველი თემატიკის მიხედვით. საღამოს კი, სეირნობის შემდეგ, აჯობებს ჩეხურ სამზარეულოს გაუსინჯოთ გემო.
თუ ქალაქის გასაცნობად მხოლოდ ერთი დღე გაქვთ, შემოგთავაზებთ მარშრუტს პრაღა 1 დღეში. პრაღის სრულყოფილად დათვალიერება ორ დღეშიც შეუძლებელია, მაგრამ რასაც მოასწრებთ, წარუშლელ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.
შემოთავაზებულ მარშრუტში შეგიძლიათ რაღაც გადააადგილოთ, თანმიმდევრობა შეცვალოთ, რამე ამოაგდოთ ან მხოლოდ "დამხმარე სახელმძღვანელოდ" გამოიყენოთ და გეგმა თვითონ შეადგინოთ. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას აპირებთ, წაიკითხეთ პრაღის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
სტატიის შინაარსი
2. დღე მეორე - ვლტავას მარჯვენა ნაპირი
3. რა ვნახოთ პრაღაში 2 დღეში - დამატება
1. დღე პირველი - სამეფო გზა
პირველი დღე პრაღაში "სამეფო გზაზე" გასეირნებას დავუთმოთ. ასე ეწოდებოდა მარშრუტს, რომელიც ქვეყნის მომავალ მმართველს ქალაქში უნდა გაევლო რესპუბლიკის მოედნიდან პრაღის გრადამდე - მეფედ კურთხევის ადგილამდე. ბევრი მას უკუმიმართულებით გადის, რათა ჯერ შემაღლებულ ადგილზე და პეტრშინის ბორცვზე ავიდეს, შემდეგ კი ქვემოთ დაეშვას. ნებისმიერი ვარიანტი აირჩიეთ.
მაშ, ასე, პირველი დღის მარშრუტი (შეგიძლიათ შებრუნებული თანმიმდევრობითაც): პრაღის გრადი - პეტრშინის ბორცვი - მალა სტრანა - კარლოვის ხიდი - სტარომესტსკის მოედანი - ცელეტნის ქუჩა - დენთის კოშკი რესპუბლიკის მოედანზე - ვაცლავის მოედანი. ამ გზის ზუსტად გასავლელად იხილეთ პრაღა 1 დღეში.
2. დღე მეორე - ვლტავას მარჯვენა ნაპირი
პრაღის დათვალიერების მეორე დღეს აუცილებლად უნდა ეწვიოთ ციხესიმაგრეს მდინარე ვლტავას მარჯვენა ნაპირზე - ვიშეგრადს. ის მდებარეობს მაღალ კლდეზე, საიდანაც ქალაქის შთამბეჭდავი პანორამული ხედები იშლება.
მაღლა ასულები ვიშეგრადის ბაღებში მოხვდებით. ეს არის ლამაზი პარკი, სადაც შეგიძლიათ ისეირნოთ, დაათვალიეროთ ჩეხური თქმულებების გმირებისა და ისტორიული პიროვნებების ძეგლები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კარლახოვისა და შტულცოვის ბაღები.
ამ ტერიტორიაზეა ვიშეგრადის სასაფლაო, სადაც ცნობილი ჩეხი მწერლები, კომპოზიტორები და მხატვრები არიან დაკრძალული.
ვიშეგრადის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარი (ბაზილიკა). ის XI საუკუნეში აიგო, თუმცა თანამედროვე სახე XIX საუკუნის ბოლოს მიიღო.
ვიშეგრადის ტერიტორიაზეა, აგრეთვე წმინდა მარტინის როტონდა, რომელიც XI საუკუნის მიწურულს ააგეს.
დეტალურად ვიშეგრადის შესახებ =>>
განაგრძეთ მოძრაობა "ნოვე მესტოსკენ". გზად ემაუსის მონასტერი შემოგხვდებათ. ის კარლ IV-ის ბრძანებით აიგო XIV საუკუნეში, თუმცა II მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა და რესტავრაციისას გადაწყდა, რომ კოშკების ნაცვლად მას ბეტონის შპილები დაადგეს.
პრაღის ყველაზე დიდი ისტორიული მოედანი კარლოვის მოედანია. მას საფუძველი ჯერ კიდევ კარლ IV ჩაუყარა 1348 წელს. XIX საუკუნეში აქ ინგლისური პარკი გააშენეს.
მოედანზე აგრეთვე მდებარეობს ნოვომესტსკის რატუშა გადმოსახედი მოედნით,
ფაუსტის სახლი, სადაც, ლეგენდის თანახმად, 1540 წელს მეცნიერი და მისანი დოქტორი ფაუსტი ცხოვრობდა,
აგრეთვე წმინდა იგნატი ლოიოლას XVII საუკუნის ეკლესია:
შემდეგ მდინარე ვლტავას სანაპიროზე გადით, რათა უჩვეულო შენობას - "მოცეკვავე" სახლს შეავლოთ თვალი, რომელიც 1994-1996 წლებში ააგეს დეკონსტრუქტივიზმის სტილში:
იდეა მოცეკვავე წყვილის გამოსახვა იყო: ამაყად მდგომი მამაკაცისა და მასზე მიყრდნობილი ქალის. ამ ნაგებობას "ჯინჯერსა და ფრედს" უწოდებენ, ჰოლივუდის ცნობილი მსახიობებისა და მოცეკვავეების ჯინჯერ როჯერსისა და ფრედ ასტერის პატივსაცემად. სახლის სახურავზე სწორედ ამ სახელწოდების რესტორანია გახსნილი გადმოსახედი ტერასით.
განაგრძეთ გზა მასარიკის სანაპიროზე და დატკბით მოდერნის სტილის თანამედროვე შენობებით, იხილეთ შიტკოვსკის წყალსაქაჩი კოშკი, გოეთეს ინსტიტუტის ფილიალი და ნაციონალური თეატრი:
ახლა სმეტანის სანაპიროს გაუყევით. დაინახავთ კრანერის შადრევანს (მისი სიმაღლე 22 მეტრია):
გასცდით კარლოვის ხიდსა და წმინდა სალვატორეს ეკლესიას:
და თქვენ წინაშე კლემენტინუმი (უკავშირდება წმინდა კლემენტის სახელს) აღიმართება:
ეს არის ბაროკოს სტილის XVIII საუკუნის ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც უწინ იეზუიტებს ეკავათ, ამჟამად კი იქ ეროვნული ბიბლიოთეკაა:
კომპლექსში შედის, აგრეთვე, სარკის კაპელა, მათემატიკის მუზეუმი, ასტრონომიული ობსერვატორია, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა და მეტეოსადგური. ასტრონომიულ კოშკზე, 68 მეტრ სიმაღლეზე, არის გადმოსახედი მოედანი. აი, როგორ გამოიყურება კლემენტინუმი შიგნიდან:
თუ გზას განაგრძობთ, ებრაელთა კვარტალში აღმოჩნდებით. სწორედ აქ, იოზეფოვის რაიონში, იყო ევროპის ებრაელთა ყველაზე დიდი ცენტრი. პრაღის ებრაელთა კვარტალი ევროპაში უძველესია.
ებრაელთა ისტორიასა და კულტურაზე უფრო მეტს ებრაულ მუზეუმში შეიტყობთ.
კოლექციის ნაწილი ნაცისტებმა შეაგროვეს, რომლებმაც გაძარცვული სინაგოგებიდან წამოღებულ ძვირფას ნივთებს აქ მოუყარეს თავი. მუზეუმის ექსპოზიცია კვარტალის მრავალ შენობაშია განთავსებული, ამიტომ ამ რაიონის მნიშვნელოვანი ადგილების დასათვალიერებლად გიჯობთ ერთიანი ბილეთი შეიძინოთ. მუზეუმს რამდენიმე სინაგოგა მიეკუთვნება. გამოვყოფთ XIII საუკუნის სტარონოვის სინაგოგას,
აგრეთვე პინკასოვასა
და ესპანურ სინაგოგას:
ცალკე უნდა ითქვას ებრაელთა სასაფლაოზე, რომელიც ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში (XV საუკ.).
დღე შეგიძლიათ დაასრულოთ ერთ-ერთ ლუდის რესტორანში, სადაც ადგილობრივი სამზარეულოს კერძებით გაგიმასპინძლდებიან.
3. რა ვნახოთ პრაღაში 2 დღეში - დამატება
თუ ძალა და სურვილი შეგრჩათ, შეგიძლიათ უფრო დიდხანს ისეირნოთ პრაღის გრადში, მალა სტრანაში, სტარე მესტოში და ა.შ. მაგრამ თუ სხვა ღირსშესანიშნაობების ნახვა გსურთ, რამდენიმე ასეთს შემოგთავაზებთ.
ჟიჟკოვსკის ტელეანძა - გასული საუკუნის ბოლოს ააგეს. მისი სიმაღლე 218 მეტრია. ზოგის აზრით, ის უშნოა, ზოგსაც მიაჩნია, რომ საინტერესო არქიტექტურული ძეგლია. მას სახელი გაუთქვა სვეტებზე მცოცავი უსახო პატარა ბავშვების ქანდაკებებმა. მოქანდაკე ჩერნიმ ასე გამოხატა პროტესტი აბორტების მიმართ. 93 მეტრის სიმაღლეზე არის გადმოსახედი მოედანი, საიდანაც პრაღის საუცხოო პანორამა იშლება.
გადმოსახედ მოედანზე ასვლის ფასი მოზრდილებისთვის - 250 კრონა, 3-14 წლის ბავშვებისთვის - 160 კრონა, 14-26 წლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 180 კრონა.
მისასვლელად ისარგებლეთ: მეტროს A მწვანე ხაზით ან ტრამვაით ნომერი 1, 11, 25 - გაჩერება Jiřího z Poděbrad, შემდეგ კი ფეხით 5 წთ.
პრაღის ზოოპარკი - 1931 წელს შეიქმნა და 60 ჰექტარზეა გადაჭიმული. აქ დაახლოებით 650 სახეობის 5 ათასზე მეტი ცხოველია თავმოყრილი, მათ შორის ლომები, სპილოები, გორილები, პინგვინები, თეთრი დათვები, ჟირაფები და სხვ.
გასართობიდან აღსანიშნავია საბაგირო გზა, საატრაქციონო მატარებელი, გადმოსახედი კოშკი და საბავშვო ზოოპარკის ცალკე ზონა, სადაც შეიძლება ზოგიერთი ცხოველის გამოკვება. ტერიტორიაზე არის ორი რესტორანი, შვიდი კაფე და სუვენირების მაღაზია.
ბილეთების ფასია: 200 კრონა - მოზრდილებისთვის, 150 კრონა - ბავშვებისთვის, სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის (70 წლამდე; 70 წელზე ზემოთ - სიმბოლური 1 კრონა). საბაგირო - 25 კრონა.
მისასვლელად ისარგებლეთ: მეტროს C წითელი ხაზით, გაჩერება Nádraží Holešovice, შემდეგ კი ავტობუსით - №112 - გაჩერება Zoologická zahrada. თბილ სეზონში დღესასწაულებზე და შაბათ-კვირას ზემოაღნიშნული მეტროს გაჩერებიდან დადის ზოობუსი, რომელიც ზოოპარკამდე მიგიყვანთ. ბილეთის ფასი - 1 კრონა.
სამგზავრო ბილეთებთან დაკავშირებით წაიკითხეთ პრაღის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ.
პრაღის აკვაპარკი - (Aquapalace Praha) ყველაზე დიდი საწყალოსნო-გასართობი კომპლექსია არა მხოლოდ ჩეხეთში, არამედ ცენტრალურ ევროპაშიც. კომპლექსი შედგება სამი ნაწილისგან: "განძის სასახლე", "თავგადასავლების სასახლე" და "რელაქსაციის სასახლე". ამას გარდა, არის ზღვის დიდი აკვარიუმი, აუზი წყალქვეშ ცურვისთვის, ბავშვთა გასართობი მოედანი და საუნები.
ბილეთების ფასია:
მთელი დღით: მოზრდილებისთვის - 759 კრონა, ბავშვებისთვის - 549 კრონა, სტუდენტებისთვის (26 წლამდე) და პენსიონერებისთვის (60 წელს ზემოთ) - 649 კრონა;
სამი საათით: მოზრდილებისთვის - 599 კრონა, ბავშვებისთვის - 399 კრონა, სტუდენტებისთვის (26 წლამდე) და პენსიონერებისთვის (60 წელს ზემოთ) - 499 კრონა;
კომპლექსი მდებარეობს პრაღის საზღვარზე, სოფელ ჩესტლიცეში. მისასვლელად ისარგებლეთ: მეტროს C წითელი ხაზით, გაჩერება Opatov, შემდეგ კი ან სპეციალური ავტობუსით "აკვაბასი", ან - ავტობუსით №328, 363, 385.
უჩვეულო ქანდაკებები - პრაღაში საკმარისად ბევრი უჩვეულო ქანდაკებაა. მათ გასაცნობად იხილეთ უჩვეულო ქანდაკებები პრაღაში.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია