უფასო ონლაინ-მეგზური პრაღაში


 პრაღის დათვალიერება 3 დღეში

ჩეხეთის დედაქალაქს ხშირად ზღაპრულ ქალაქს ეძახიან დიდი რაოდენობის შუა საუკუნეების შენობების, პატარასახლებიანი ვიწრო ქუჩებისა და მომხიბლველი ხედების გამო. მოგზაურობა პრაღაში სამი დღით შესაძლებლობას მოგცემთ იხილოთ არა მხოლოდ მთავარი ისტორიული ღირსშესანიშნაობები, არამედ ორიგინალური თანამედროვე ძეგლებიც. ზოგს ეჩვენება, რომ ქალაქში მისტიკური ატმოსფეროა, ზოგის აზრით, ის რომანტიკულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრ ტურისტზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს პრაღის შუა საუკუნეების სული. ყურადღებით გადაავლეთ თვალი ჩეხეთის დედაქალაქის გაცნობის მარშრუტებს - პრაღა 1 დღეში და პრაღა 2 დღეში. შეგიძლიათ რომელიმე ღირსშესანიშნაობას მეტი დრო დაუთმოთ, სასეირნოდ პარკებს ეწვიოთ, ვლტავაზე გაისეირნოთ, მაღაზიებში შეიაროთ. მე პრაღის 3 დღეში დათვალიერების ერთ-ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





როგორც გითხარით, შემოთავაზებულ ვარიანტში შეგიძლიათ რაღაც გადააადგილოთ, ამოაგდოთ ან დაუმატოთ. გირჩევთ "პრაღა 1 დღეში" და "პრაღა 2 დღეში" მუშა ვარიანტებად გამოიყენოთ. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას აპირებთ, წაიკითხეთ პრაღის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.


სტატიის შინაარსი


1. დღე პირველი

2. დღე მეორე

3. დღე მესამე


1. დღე პირველი


პირველი დღის მარშრუტისთვის შეგიძლიათ "სამეფო გზა" აირჩიოთ - ის, რომელსაც ჩეხეთის მომავალი მმართველები გადიოდნენ მეფედ კურთხევის წინ. პროგრამაში საკმაოდ ბევრი საინტერესო ადგილია. თუ ქალაქის აუჩქარებლად დათვალიერება გიყვართ და მუზეუმებში შევლას გეგმავთ, მარშრუტი ორ ნაწილად გაყავით: მდინარე ვლტავას მარცხენა და მარჯვენა ნაპირი. ჩვეულებრივ, ეს გასეირნება მთელ დღეს არ მოითხოვს, ასე რომ, საღამო რომელიმე ადგილობრივ ლუდხანაში სასიამოვნო დასვენებას ან შოპინგს დაუთმეთ.


"სამეფო გზის" ძირითადი ღირსშესანიშნაობებია: დენთის კოშკი რესპუბლიკის მოედანზე - ცელეტნის ქუჩა - სტარომესტსკის რაიონი - კარლოვის ხიდი - მალა სტრანა - პრაღის გრადი. ტურისტები ხშირად უკუმიმართულებით გადაადგილებას ამჯობინებენ, ვინაიდან პრაღის გრადი შემაღლებულ ადგილზეა და მისი ტერიტორიის დათვალიერება საკმაოდ დიდ დროს წაგართმევთ, რის შემდეგაც დაშვება უფრო ადვილია.


დეტალურად, რას მოიცავს მარშრუტი პრაღა 1 დღეში.



2. დღე მეორე


მეორე დღე მდინარე ვლტავას მარჯვენა სანაპიროს დაუთმეთ. პირველ დღეს თქვენ პრაღის ისტორიული რაიონი, სტარე მესტო დაათვალიერეთ, მაგრამ ამ ნაპირზე სხვა საინტერესო რაიონები და ობიექტებიცაა, ყურადღებას იმსახურებს, აგრეთვე, სანაპირო მდინარის გასწვრივ.


მეორე დღის პროგრამა პრაღაში: X საუკუნის ციხესიმაგრე ვიშეგრადი - რაიონი ნოვო მესტო: - XIV საუკუნის ემაუსის მონასტერი თანამედროვე კონსტრუქციით კოშკების ნაცვლად - მასარიკის სანაპირო მოცეკვავე სახლით, ეროვნული თეატრით და მოდერნის სტილის სახლებით - რაიონი სტარე მესტო: - სმეტანის სანაპირო - კლემენტინუმის კომპლექსი დიდებული ძველებური ბიბლიოთეკით - კოლორიტული ებრაული კვარტალი სხვადასხვა საუკუნეების რამდენიმე სინაგოგითა და მუზეუმით.



ამ მარშრუტში უჩვეულო მისტიკური ადგილები შედის - დიდი ხანია, ლეგენდებმა ჩეხეთის დედაქალაქს იდუმალებით მოცული იერსახე დაუკვიდრეს. პირველი, რაც გაგვახსენდება, გოლემია - არაცოცხალი მატერიისგან (თიხისგან) შექმნილი არსება. ებრაელთა კვარტალიში ებრაელთა ძველ სასაფლაოს ეწვიეთ, სადაც დაკრძალულია XVI საუკუნის რაბინი, მეცნიერი და მოაზროვნე რაბი ლიოვი. თქმულების თანახმად, სწორედ მან შექმნა გოლემი, რათა მას ის და ებრაელთა თემი დაეცვა. მაგრამ გოლემის არაპროგნოზირებადი საქციელის გამო, ის დააძინეს და ამავე კვარტალში, სტარონოვის სინაგოგის სხვენზე დამალეს.


პრაღის მეორე ცნობილი მისტიკური პერსონაჟი დოქტორი ფაუსტია - ექიმი და მისანი. დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ცხოვრობდა თუ არა ის ოდესმე პრაღაში, მაგრამ კარლოვის მოედანზე არის "ფაუსტის სახლი". ასე იმიტომ ჰქვია, რომ ამ სახლში ალქიმიასთან, ასტროლოგიასა და სხვა "ეშმაკისეულ" მეცნიერებებთან დაკავშირებული ადამიანები ცხოვრობდნენ. პრაღაში ალქიმიკოსებისა და მაგების მუზეუმიც არსებობს - მალა სტრანას რაიონში, სადაც "ზლატა ულიჩკა" (ოქროს ქუჩა) იმითაა ცნობილი, რომ შუა საუკუნეებში იქ ალქიმიკოსები ცხოვრობდნენ. ამ რაიონს თქვენ ქალაქში სეირნობის პირველ დღეს ეწვიეთ.


დეტალურად, რას მოიცავს მარშრუტი პრაღა 2 დღეში.



3. დღე მესამე


პრაღაში უამრავი ისტორიული ძეგლია. თუ გსურთ, რომ ქალაქის ატმოსფეროში ჩაეფლოთ, ერთი დღე პრაღის სხვადასხვა რაიონში აუჩქარებლად სეირნობასა და დეტალებზე დაკვირვებას დაუთმეთ. შოპინგის მოყვარულები ვაცლავის მოედნისკენ, რესპუბლიკის მოედანზე სავაჭრო ცენტრ "პალადიუმისკენ" და სხვა დიდი სავაჭრო ცენტრებისკენ გაემართეთ (უფრო დეტალურად იხილეთ სტატია შოპინგი პრაღაში).



სამი დღე პრაღაში სრულიად საკმარისია, რომ თუნდაც ერთი საათი მდინარეზე გასეირნებას დაუთმოთ. ტურისტები და ადგილობრივები ხშირად სეირნობენ კატამარანებით და "მანქანებით" მდინარე ვლტავაზე.



თვალწარმტაც კუნძულ კამპას "პრაღის ვენეციას" უწოდებენ. მის ერთ მხარეს მდინარე ვლტავაა, მეორე მხარეს კი - XII საუკუნეში შექმნილი არხი ჩერტოვკა და რაიონი მალა სტრანა. თუ პირველ დღეს მხოლოდ გაიარეთ კუნძულზე, როცა კარლოვის ხიდისკენ მიემართებოდით, ამჯერად შეგიძლიათ ის უფრო ახლოს გაიცნოთ.



ხელოვნური არხი ჩერტოვკა წისქვილების სამუშაოდ გაკეთდა. დღესაც არის შემოჩენილი რამდენიმე ბორბალი, ერთი მათგანი კი 600 წელზე მეტი ხნისაა.



მოგვიანებით არისტოკრატების ოჯახებმა ბაღების კეთილმოწყობა დაიწყეს. ჩრდილოეთ ნაწილში, კარლოვის ხიდთან ახლოს, მდებარეობს ლიხტენშტენის სასახლე,



და რენესანსის სტილის ნაგებობები. ბაღი კამპას სამხრეთ ნაწილში შენარჩუნდა. კუნძულზე შეგიძლიათ ეწვიოთ კამპას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, რომლის გვერდითაც მრავალი უჩვეულო ქანდაკებაა,



ანას სახლს, რომელიც ცნობილია თავისი აივნით. ლეგენდის თანახმად, სახლის დიასახლისი, სახელად ანა, წყალდიდობის დროს თავის გადასარჩენად სწორედ იქ იდგა. მან დაინახა, რომ წყალში ღვთისმშობლის ხატი მიცურავდა, ხელი სტაცა და გულმხურვალედ დაიწყო ლოცვა ქალაქის გადასარჩენად. წყალმა კლება დაიწყო. მას შემდეგ იქ ყოველთვის ჰკიდია ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ქვემოდან ლამპარი ანათებს.



კუნძულ კამპაზე არის, აგრეთვე, პრაღის ყველაზე ვიწრო ქუჩა. მისი სიგანე 70 სანტიმეტრია და ორი კაცი ერთმანეთს გვერდს ვერ აუქცევს, შესასვლელთან კი შუქნიშანი ჰკიდია. მას ვინარნა ჩერტოვკას ეძახიან და კარლოვის ხიდთან და კაფკას მუზეუმთან ახლოს მდებარეობს.



ახლა თვითონ კაფკას მუზეუმსაც ვეწვიოთ. ეს არის ირაციონალური, თითქმის მისტიკური ადგილი. ექსპოზიციის ატმოსფეროს ზემოქმედება ისეთი ძლიერია, რომ მნახველმა შესაძლოა რეალობის შეგრძნებაც კი დაკარგოს. შესასვლელთან ახლოს ასეთ უცნაურ ქანდაკებას იხილავთ:



პრაღის გრადის გვერდით მდებარეობს პეტრშინის ბორცვი, საიდანაც საუცხოო პანორამული ხედები იშლება. თუ სეირნობის პირველ დღეს მას არ სწვევიხართ ან მცირე ხნით ესტუმრეთ, შეგიძლიათ ახლა მეტი დრო დაუთმოთ.


ესეც ასე - პრაღის დათვალიერება სამ დღეში დასრულებულია.






© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!