უფასო ონლაინ-მეგზური გერმანიასა და ბერლინში


ბერლინის დათვალიერება 1 დღეში

ბერლინის ერთ დღეში დათვალიერება ძალიან გაჭირდება, თუმცა მისი უმთავრესი ღირსშესანიშნაობების გაცნობას კი მოახერხებთ. ბერლინს თამამად შეუძლიათ ვუწოდოთ გერმანიის კულტურული დედაქალაქი. სწორედ აქ არის თავმოყრილი მნიშვნელოვანი მუზეუმები, გალერეები, ტაძრები, ძველი ციხეკოშკები, თეატრები და მრავალი სხვა. დიდხანს დაგამახსოვრდებათ მის მოვლილ და ლამაზ პარკებში სეირნობა. ბერლინი მრავალსახოვანია და მოედნებსა და ქუჩებში სიარულისას, ქალაქის წარსულთან ერთად მისი თანამედროვეობაც გაგაოცებთ. მე მარშრუტის შერჩევაში დაგეხმარებით. ბერლინთან დაკავშირებულ ყველა სტატიას ყურადღებით გაეცანით და, საჭიროების შემთხვევაში, მარშრუტის კორექტირება მოახდინეთ - ყველაფერი ხომ თქვენს გემოვნებასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.


მოდი, ჩვენი ექსკურსია ალექსადერპლაციდან დავიწყოთ. ის ბერლინის ერთ-ერთი უმთავრესი მოედანია. აქ ნამდვილად არ მოიწყენთ. მოედანზე ბევრი ღირსშესანიშნაობაა. უწინ მას "სამეფო" ერქვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1805 წელს პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-მ აქ აღლუმი გამართა სტუმრის, რუსეთის მეფის, ალექსანდრე I-ის პატივსაცემად, მას სახელი გადაარქვეს და ალექსანდრეს მოედანი, იგივე ალექსანდერპლაცი უწოდეს.



ერთ-ერთია 365 მეტრი სიმაღლის ბერლინის ტელეანძა. თუ მის გადმოსახედ მოედანზე ახვალთ, ქალაქის საუცხოო ხედს იხილავთ. აქვეა უნიკალური რესტორანი, რომელიც თავისი ღერძის გარშემო ტრიალებს.



აქვეა ე.წ. "მსოფლიო საათი", რომელიც მსოფლიოს უდიდესი ქალაქების დროს უჩვენებს:



ალექსანდერპლაცზე შესასვლელთან მდებარეობს წმინდა ქალწულ მარიამის XIII საუკუნის ტაძარი (Marienkirche) საუკუნის, რომელიც ბერლინის ეკლესიებს შორის ერთ-ერთი უძველესია. ამჟამად ის ევანგელისტების საკუთრებაა.



მარიენკირხეს პირდაპირ განთავსებულია "ნეპტუნის შადრევანი". ის XIX საუკუნეშია შექმნილი, თუმცა ამ ადგილას XX საუკუნის შუა წლებიდან დგას.



ალექსანდერპლაცზე ოდნავ წინ წავიწიოთ და წითელი რატუშის შენობით დავტკბეთ. ის XIX საუკუნეშია აგებული წითელი აგურით. მასში ბერლინის მთავრობის რეზიდენციაა, იმართება სენატის სხდომები. იქვეა ქალაქის მერის სამუშაო ადგილი.



დეტალურად ალექსანდერპლაცის შესახებ =>>


დავტოვოთ ალექსანდერპლაცი და ცენტრალურ ქუჩას - უნტერ-დენ-ლინდენს გავუყვეთ. მალევე დავინახავთ შთამბეჭდავ არქიტექტურულ, ისტორიულ და კულტურულ ფენომენს, რომელსაც "მუზეუმების კუნძულს" უწოდებენ.



მუზეუმების კუნძულზეა აღმართული გერმანიის უდიდესი ევანგელისტური ეკლესია - ბერლინის საკათედრო ტაძარი, რომელსაც ამ კუნძულზე შესასვლელ ჭიშკარს ადარებენ:



დეტალურად ბერლინის საკათედრო ტაძრის შესახებ =>>


შპრეეინზელის კუნძულზე 5 ისტორიული შენობაა. ეს კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ჩამოგითვლით ხუთივეს. ესენია - ძველი მუზეუმი:



ახალი მუზეუმი:



ძველი ნაციონალური გალერეა:



ბოდეს მუზეუმი:



პერგამონის მუზეუმი:



დეტალურად მუზეუმების კუნძულის შესახებ =>>


ახლა კვლავ უნტერ-დენ-ლინდენის ქუჩას გავუყვეთ ოპერის შენობამდე. რამდენიმე წამში ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოედანს დავინახავთ. ეს არის ჟანდარმენმარკტი.



მოედანზე 4 ღირსშესანიშნაობაა - გერმანული ტაძარი, რომელიც ამჟამად მოქმედი ეკლესია არ არის. იქ გერმანიის პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის განვითარების ამსახველ გამოფენას იხილავთ:



ფრანგული ტაძარი:



ეს მოქმედი ტაძარია. მასში განთავსებულია ჰუგენოტების მუზეუმი. აქვს, აგრეთვე, გადმოსახედი მოედანი.


ჟანდარმენმარკტის მოედანზე მდებარებს XIX საუკუნის ბერლინის საკონცერტო დარბაზი:



და სახელგანთქმული გერმანელი პოეტის, დრამატურგის, ფილოსოფოსისა და ისტორიკოსის ფრიდრიხ შილერის ძეგლი:



უნტერ-დენ-ლინდენის ქუჩაზე მრავალი ღირშესანიშნაობაა: წმინდა იადვიგას ეკლესია, ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტი, მადამ ტიუსოს მუზეუმი და ა.შ. გირჩევთ, ნახოთ "ჩეკპოინტი ჩარლი" (ყოფილი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ცივი ომის იმ ეპოქიდან, როცა ბერლინი ორად იყო გაყოფილი),



და, ცხადია, ბრანდენბურგის კარიბჭე - ის ერთადერთია ბერლინის 18 ჭიშკრიდან, რომელიც ქალაქს შემორჩა. კარიბჭე XVIII საუკუნის მიწურულს ააგეს. მას ბევრი ისტორიული მოვლენა უკავშირდება და ბერლინის ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობაა:



დეტალურად ბრანდენბურგის კარიბჭის შესახებ =>>


ბრანდენბურგის კარიბჭის გვერდით, მდინარის მიმართულებით, მდებარეობს რაიხსტაგი, მსოფლიოში სახელგანთქმული სამთავრობო შენობა. როგორც იცით, ის თითქმის მთლიანად დაინგრა II მსოფლიო ომის დროს, მაგრამ გერმანელებმა საკმაოდ სწრაფად აღადგინეს.



რაიხსტაგში შესასვლელად სპეციალური შემოწმების გავლა მოგიწევთ. შენობის თავზე გადმოსახედი მოედანია, საიდანაც საუცხოო ხედები იშლება.


დეტალურად რაიხსტაგის შესახებ =>>


ბრანდენბურგის კარიბჭის მიღმა მდებარეობს ბერლინის უდიდესი პარკი დიდი ტირგარტენი:



აქ ბევრი მემორიალი, შადრევანი, სასეირნო და დასასვენებელი ადგილია. გამოვყოფ გამარჯვების სვეტს:



დეტალურად ტირგარტენის პარკის შესახებ =>>


ვინაიდან ამ ადგილამდე მოხვედით, საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭეთ და ბერლინის ზოოპარკიც დაათვალიერებთ, რომელშიც ცხოველების 20 ათასამდე სახეობაა.



დეტალურად ბერლინის ზოოპარკის შესახებ =>>


ბერლინის ზოოპარკთან ახლოს მდებარეობს ცნობილი სავაჭრო ცენტრი Ka De We (Kaufhaus des Westen), რომელიც 1907 წლიდან ფუნქციონირებს. აქ შთამბეჭდავი ასორტიმენტი და ლოიალური ფასები დაგხვდებათ.



თქვენ უკვე ბევრი იარეთ და, ალბათ, დაიღალეთ, მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბეთ და Ka De We-ს მახლობლად კაიზერ ვილჰელმის მემორიალურ ეკლესიას ეწვიეთ, რომელიც ნეორომანულ სტილშია შესრულებული. ის 1895 წელს ააგეს, მაგრამ ომის დროს დაინგრა. 1961 წელს ეკლესია აღადგინეს, თუმცა გადაწყვიტეს, რომ ნანგრევების ნაწილიც შეენარჩუნებინათ, რაც შთამომავლებს ომის სისასტიკეზე უამბობდა.



გირჩევთ, ექსკურსია კუდამის ბულვარზე გასეირნებით დაასრულოთ.



აქ მოდის წამყვანი დიზაინერების ბუტიკები მდებარეობს, როგორიცაა Louis Vuitton, Giorgio Armani და სხვ. არც ექსპოზიცია დაგავიწყდეთ ღია ცის ქვეშ, რომელშიც ბერლინის კედლის ყველაზე ცნობილი ფრაგმენტიც შედის.


ესეც ასე - ბერლინი 1 დღეში დასრულებულია.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!