ბუდაპეშტში დუნაიზე გასეირნება მშვენიერი და ეკონომიური საშუალებაა უნგრეთის დედაქალაქის გასაცნობად. დუნაი ხომ ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა. ევროპის სიგრძით მეორე მდინარე ათი ქვეყნის ტერიტორიას გადაკვეთს, ოთხ დედაქალაქს გაივლის, ბუდაპეშტს კი ორ ნაწილად - ბუდად და პეშტად ყოფს. მაგრამ, მოდი, ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ისეთ სახეობას გავეცნოთ, როგორიც ე.წ. "მდინარის ტრამვაია", ვინაიდან უნგრეთის დედაქალაქის სტუმრებისთვის მდინარეზე გასეირნება საექსკურსიო პროგრამის აუცილებელი ნაწილი გახდა.
ბუდაპეშტში ძალზე გავითარებულია მდინარეზე ნაოსნობა. როგორც კი პეშტის მხრიდან ქალაქის ცენტრიდან სანაპიროზე გახვალთ, თითქმის ყოველ ას მეტრში წააწყდებით შეთავაზებას დუნაიზე გასეირნების შესახებ. ექსკურსიები მრავალფეროვანია. შეგიძლიათ აირჩიოთ გასეირნება სადილით, ვახშმით და ასე შემდეგ.
ეს შეთავაზებები ნამდვილად გამართლებულია, ვინაიდან ბუდაპეშტის მრავალი ღირსშესანიშნაობა სწორედ დუნაის ნაპირთან ახლოს მდებარეობს. მაგალითად, უნგრეთის პარლამენტი, ბუდას ციხედარბაზი, მეთევზეთა ბასტიონი, კუნძული მარგიტი, გელერტის მთა, რომელზეც წმინდა გელერტის ქანდაკებაა აღმართული. ამასთან, ახლოდან შეათვალიერებთ ბუდაპეშტის ულამაზეს ხიდებს.
თუ ეკონომიის მოყვარული ტურისტი ხართ და საფულეს უფრთხილდებით, გაეცანით ბუდაპეშტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ ერთ სახეობას, რომლის საშუალებითაც დუნაიზე თითქმის უფასოდ გაისეირნებთ. ეს გახლავთ მდინარის ტრამვაი. თუ რომელიმე სახის სამგზავრო ბილეთი გაქვთ (ერთდღიანი, სამდღიანი, ერთკვირიანი, Budapest Card), არაფრის გადახდა არ მოგიწევთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ სამგზავრო აბონემენტები აქ მხოლოდ სამუშაო დღეებში მოქმედებს.
მდინარის ტრამვაის მარშრუტები რამდენიმე წლის წინათ გაჩნდა და მათ სატრანსპორტო კომპანია აკონტროლებს. არსებობს მდინარის D11, D12, D13 და D14-ის ოთხი მარშრუტი. D14, ფაქტობრივად, ბორნის ფუნქციას ასრულებს და კუნძულ ჩეპელს ქალაქის ძირითად ნაწილთან აკავშირებს. ის თქვენთვის საინტერესო არ იქნება. D11 და D12 ყოველდღე დადის, D13 - მხოლოდ უქმეებსა და დღესასწაულებზე. ზამთარში D12 და D13 არ მუშაობს.
მარშრუტები თითქმის ერთნაირია. თითოეულს დაახლოებით 10-12 გაჩერება აქვს. ასვლა-ჩამოსვლა ნებისმიერ გაჩერებაზე შეგიძლიათ. ნავმისადგომებს ძალზე ადვილად მიაგნებთ.
მაშ ასე, ჩაჯექით D11-ში და დატკბით ბუდაპეშტის ხედებით.
ყურადღება!!! 2019 წლიდან ზოგიერთი ბორნის მოძრაობა შეიზღუდა. უცვლელად დადის მხოლოდ ბორანი D14 Csepel-Királyerdő-დან Soroksár, Molnár-sziget-მდე. ბორნის მუშაობის საათებია 07:00-20:00. მოძრაობის ინტერვალი - 30 წთ.
მგზავრობის ღირებულებაა:
- მოზრდილებისთვის - 170 ფორინტი;
- მოსწავლეებისა და პენსიონერებისთვის - 110 ფორინტი;
- შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ბარათები, რომლებიც შეიძინეთ ბუდაპეშტის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის.
დეტალებსა და დამატებით ინფორმაციას გაეცანით ოფიციალურ საიტზე: https://bkk.hu/en/travel-information/public-transport/boat-services/.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია