უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


 ვენის დათვალიერება 2 დღეში

თუ ვენის დასათვალიერებლად ორი დღე მაინც გაქვთ, მეტ-ნაკლებად კარგად მოახერხებთ ყველა ღირსშესანიშნაობის მონახულებას. მთავარია, ძალზე ეკონომიურად აპირებთ ამის გაკეთებას, ეკონომიურად თუ ზომიერი ხარჯით. ნებისმიერ შემთხვევაში, ვენის ცენტრი აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საექსკურსიო ტრამვაი რინგშტრასეზე, საექსკურსიო ავტობუსი Hop on Hop off (ის ორი სახისაა: Vienna Sightseeinh და BigBus Vienna). თუ არადა, მოთმინებით აღიჭურვოთ და გზას ფეხით გაუდგეთ. ერთი სიტყვით, არჩევანი თქვენზეა.



თუ ქალაქის გასაცნობად მხოლოდ ერთი დღე გაქვთ, შემოგთავაზებთ მარშრუტს ვენა 1 დღეში. მართალია, ვენის დასათვალიერებლად არც ორი დღეა ძალიან ბევრი, მაგრამ არც ძალზე ცოტაა და წინ შთაბეჭდილებებისა და დადებითი ემოციების მთელი ზღვა გელით.


ჩემ მიერ შემოთავაზებული მარშრუტები ერთადერთი და უალტერნატივო ნამდვილად არ არის. შეგიძლიათ მასში რაღაც გადააადგილოთ, თანმიმდევრობა შეცვალოთ, რამე ამოაგდოთ ან მხოლოდ "დამხმარე სახელმძღვანელოდ" გამოიყენოთ და გეგმა თვითონ შეადგინოთ. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას აპირებთ, წაიკითხეთ ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.


სტატიის შინაარსი


1. დღე პირველი - ვენის ისტორიული ცენტრი

2. დღე მეორე - ისტორიული ცენტრიდან მოშორებით

3. რა ვნახოთ ვენაში 2 დღეში - დამატება


1. დღე პირველი - ვენის ისტორიული ცენტრი


მოდი, დათვალიერება ამჯერადაც შტეფანსპლაციდან დავიწყოთ. აქ ამავე სახელწოდების მეტროს სადგურია, რომელიც U1 წითელი და U3 ყვითელი ხაზების გადაკვეთაზე მდებარეობს. შტეფანსპლაცზე დგას ვენის სიმბოლო, განუმეორებელი და დიდებული წმინდა შტეფანის ტაძარი, იგივე შტეფანსდომი, იგივე შტეფი, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ.



ვენელებისთვის შტეფი იგივეა, რაც პარიზელებისთვის - ნოტრდამი. ის 800-ზე მეტი წლისაა. ტაძარს ორი კოშკი აქვს: ჩრდილოეთის - 68-მეტრიანი და სამხრეთის - 137-მეტრიანი. შეგიძლიათ ახვიდეთ და ქალაქს გადმოხედოთ. ტაძრის ქვეშ კატაკომბებია, სადაც მრავალი ადამიანია დასაფლავებული, მათ შორის, ცნობილი ავსტრიელი მხედართმთავარი პრინცი სავოიელი. დაბეჯითებით გირჩევთ, შტეფი შიგნიდანაც დაათვალიეროთ.


დეტალურად წმინდა შტეფანის ტაძრის შესახებ =>>


თუ არ დაიზარებთ, შტეფანსპლაციდან როტენტურმშტრასეს გაუყვებით და ხელმარცხნივ შეუხვევთ, ჰოჰერმარკტზე გახვალთ, სადაც 10-11 ნომერში "ანკერის საათს" იხილავთ, რომელიც 1911 წლიდან სადაზღვევო კომპანია "ანკერის" ორ შენობას აერთებს. მას მოცეკვავე საათსაც უწოდებენ, რადგან ყოველდღე, შუადღის 12 საათზე, იქიდან 12 ისტორიული პერსონაჟის (კარლ დიდი, მარია ტერეზია, მარკუს ავრელიუსი, ჰაიდნი, ევგენი სავოიელი და სხვ.) თითქმის 3-მეტრიანი ფიგურები გამოდიან სხვადასხვა მუსიკის თანხლებით, საღამოს 5 და 6 საათზე კი საშობაო მუსიკის ჰანგები ისმის.



ახლა კვლავ შტეფანსპლაცზე დავბრუნდეთ. ტაძრის უკან ავანგარდული სტილის ჰაასის სახლია, იქვე კი, Domgasse-ს 5 ნომერში, მოცარტის სახლი მდებარეობს, სადაც სახელგანთქმული ავსტრიელი კომპოზიტორი 1784-1787 წლებში ცხოვრობდა. ეს მოცარტის ჩვენს დრომდე შემორჩენილი ერთადერთი აპარტამენტებია. სწორედ აქ დაწერა მან ოპერა "ფიგაროს ქორწინება".



დეტალურად მოცარტის სახლის შესახებ =>>


აქედან გახვალთ შტოკ-იმ აიზენის მოედანზე, სადაც შუშის ცილინდრში ლურსმნებჩარჭობილი ხეა მოთავსებული (ლეგენდის თანახმად, ვენის მჭედლები მასში ლურსმნებს იღბლის მოსახმობად აჭედებდნენ), და ვენის ერთ-ერთ ულამაზეს და მდიდრულ გრაბენის ქუჩაზე აღმოჩნდებით. აქ აღნიშვნის ღირსია წმინდა იოსებისა და წმინდა ლეოპოლდის სახელობის ორი შადრევანი და ქანდაკება, რომელიც შავი ჭირის ეპიდემიის დამარცხების აღსანიშნავად ააგეს XVII საუკუნის ბოლოს. ამ ავადმყოფობამ 100 ათასი ადამიანი შეიწირა. იმპერატორი ლეოპოლდ I ღმერთს შესთხოვდა დახმარებას და დაიფიცა, რომ თუ ეპიდემია დასრულდებოდა, ამ ადგილას მემორიალს ააგებდა. ქანდაკების თავზე წმინდა სამებაა გამოსახული.



თუ ამ ქანდაკებას გასცდებით და მარჯვნივ შეუხვევთ, წმინდა პეტრეს მომცრო მოედანზე აღმოჩნდებით, სადაც წმინდა პეტრეს ეკლესია (Peterskirche) დგას. ერთ-ერთი ვერსიით, მას საფუძველი ჯერი კიდევ კარლ დიდმა ჩაუყარა VIII საუკუნეში, თუმცა ამჟამინდელი სახე მან XVIII საუკუნის დასაწყისში მიიღო. იგი ბაროკოს სტილის მკაფიო ნიმუშია და უხვადაა მორთული ფრესკებითა და ქანდაკებებით.



დეტალურად წმინდა პეტრეს ეკლესიის შესახებ =>>


გრაბენის ქუჩიდან კოლმარკტის ქუჩაზე შევუხვიოთ. ეს დასახელება სიტყვასიტყვით "ნახშირის ბაზარს" ნიშნავს. XVI საუკუნეში აქ მართლა ნახშირისა და შეშის ბაზარი იყო, მას შემდეგ კი, რაც ეს ქუჩა იმპერატორის რეზიდენციის მახლობლად აღმოჩნდა, მისი იერსახე რადიკალურად შეიცვალა და ამჟამად კოლმარკტი ვენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირი სავაჭრო ქუჩაა. ამ ქუჩაზე მდებარეობს რამდენიმე პოპულარული სავაჭრო ბრენდის მაღაზია, აგრეთვე, ლეგენდარული საკონდიტრო "დემელი".



"დემელი" 1778 წლიდან არსებობს, კოლმარკტზე კი 1888 წელს დამკვიდრდა. აქედან მარაგდებოდა იმპერატორის სასახლე ნაირგვარი ტორტებითა და ნამცხვრებით. აქ გაგიმასპინძლდებიან სახელგანთქმული "ზახერით", "ესტერხაზით", ვაშლის შტრუდელითა და სხვა უგემრიელესი ნამცხვრებით, მათ შორის დაშაქრული იებით, რომელიც ასე უყვარდა იმპერატორის მეუღლე სისის.


კოლმარკტის ქუჩიდან შეგვიძლია მიხაელერპლაცზე გავიდეთ. მოედანზე ამავე სახელწოდების ეკლესია დგას. სხვათა შორის, პირველად მასში გაჟღერდა მოცარტის უკვდავი "რეკვიემის" ნაწილი (ეს ნაწარმოები კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ სხვებმა დაასრულეს).



მიხაელერპლაცის გამორჩეული ღირსშესანიშნაობა ჰოფბურგია, ავსტრიელი იმპერატორების ზამთრის რეზიდენცია. ეს არის დიდი კომპლექსი, რომელიც შედგება ბაროკოსა და რენესანსის სტილის 19 შენობისგან. აქვეა, აგრეთვე, მრავალი მოედანი, ეზო, მუზეუმი, ბაღი და პარკი.



თუ ამ ყველაფრის დათვალიერებას მოისურვებთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს საკმაოდ ბევრ დროს წაგართმევთ, მაგრამ ეს ნამდვილად გიღირთ, ვინაიდან მართლა ისიამოვნებთ, თანაც ვენაში ერთი დღით კი არა, ორი დღით იმყოფებით. რომელი ერთი ღირსშესანიშნაობა ჩამოვთვალოთ: იმპერატორთა ქანდაკებები, ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელშიც 7,5 მილიონი წიგნი ინახება, საიმპერატორო კანცელარია, საიმპერატორო კაპელა, საიმპერატორო საგანძური, ვერცხლის ნაკეთობების კოლექცია, სისის მუზეუმი, მდიდრულად და გემოვნებით გაფორმებული დარბაზები, სადაც იმპერატორები და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ, ზამთრის მანეჟი, სადაც ფუნქციონირებს ცხენოსნობის ესპანური სკოლა, პალფის სასახლე, სადაც 1792 წელს ექვსი წლის ნორჩი გენიოსი მოცარტი თავის დასთან ერთად კონცერტებს მართავდა, და კიდევ უამრავი სხვა.


დეტალურად ჰოფბურგის სასახლის შესახებ =>>


აქვეა ავგუსტინელების ძველებური ეკლესია, სადაც იმპერატორის ოჯახის წევრების ჯვრისწერისა და დაკრძალვის ცერემონიები იმართებოდა.



ახლა კი გალერეა ალბერტინას ვეწვიოთ. 200 წელზე მეტია, რაც ჰერცოგ ალბერტის ყოფილ სასახლეში ფერწერული ტილოების უმდიდრესი კოლექციაა გამოფენილი. ამჯამად აქ 1 მილიონამდე ნახატია, მათ შორის მიქელანჯელოს, რემბრანდტის, რუბენსის, პიკასოსა და სხვა სახელოვანი მხატვრების ნამუშევრები. გალერეაში, დროდადრო, ცნობილი ფერმწერების თემატური გამოფენები იმართება, როგორიცაა "ედვარდ მუნკი", "ვან გოგი", "ალბრეხტ დიურერი".



დეტალურად გალერეა ალბერტინას შესახებ =>>


ალბერტინას პირდაპირ, ქუჩის გადაღმა, ომისა და ფაშიზმის წინააღმდეგ აღმართული მემორიალია. უწინ აქ დიდი სახლი "ფილიპ-ჰოფი" იდგა, რომელიც 1945 წლის 12 მარტს დაბომბვისას დაინგრა, რამაც მის სარდაფებში დამალული სამასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მემორიალი რამდენიმე ქანდაკებისგან შედგება. მათ შორისაა მუხლებზე დამხობილი ებრაელი - ცნობილია, რომ ფაშისტებმა ვენის ოკუპაციის შემდეგ ებრაელები აიძულეს, ქუჩები ანტიფაშისტური ლოზუნგებისგან გაეწმინდათ.




შემდეგ კერნტნერშტრასეზე გავდივართ, ვენის ერთ-ერთ უძველეს ქუჩაზე. მასზე ბევრი მაღაზია, კაფე და რესტორანია. ვენის ოპერასთან ახლოს დგას სასტუმრო "ზახერი" მისი სახელგანთქმული საკონდიტროთი, სადაც შეგიძლიათ სწორედ "ის", ორიგინალური რეცეპტით დამზადებული ტორტი "ზახერი" დააგემოვნოთ.



თუ კერნტნერშტრასედან ანაგასეზე შეუხვევთ, მალე მუსიკის სახლთან აღმოჩნდებით.



შეგიძლიათ არა მხოლოდ დაათვალიეროთ შენობა და ნაირგვარი მუსიკალური ინსტრუმენტები, არამედ ვენის ორკესტრსაც უდირიჟოროთ ელექტრონული სადირიჟორო ჯოხის საშუალებით, ბგერითი ექსპერიმენტებიც ჩაატაროთ და მოცარტთან "ერთად" სიმფონიაც შექმნათ. თუ მუსიკის მოყვარული ხართ, ეს უდავოდ დაგაინტერესებთ.


თუ კერნტნერშტრასეს გავუყვებით, დედაქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობას, ვენის ოპერას მივადგებით. შენობა 1863-1869 წლებში აშენდა და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ვენის მოქალაქეები მას მკაცრად აკრიტიკებდნენ, დღეს ის ქალაქის წამყვანი ღირსშესანიშნაობაა.



ავსტრიის უდიდესი ოპერის თეატრი ცნობილია არა მხოლოდ საოპერო და საბალეტო დადგმებით, არამედ მდიდრული მეჯლისითაც, სადაც, ტრადიციულად, დებიუტანტ წყვილებს წარადგენენ. კიდევ ერთი ტრადიცია საზაფხულო კონცერტებია შენობის წინ, რომელზეც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


დეტალურად ვენის ოპერის თეატრის შესახებ =>>


სეირნობას განვაგრძობთ ვენის ერთ-ერთ ულამაზეს ქუჩაზე - რინგშტრასეზე, ანუ წრიულ ქუჩაზე. რინგის, როგორც მას ვენელები უწოდებენ, გასწვრივ სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ლამაზი შენობები მდებარეობს.



რინგშტრასეზე სეირნობისას დასასვენებლად შეგიძლიათ ბურგარტენის პარკში შეიაროთ. აქ დგას მოცარტისა და გოეთეს ქანდაკებები. არის, აგრეთვე, პალმების ორანჟერეა ტროპიკული მცენარეებით და პეპლების სახლი.



ბურგარტენის გვერდით გრანდიოზული გმირთა მოედანია - ჰელდენპლაცი. აქ გამოსვლა ჰოფბურგის სასახლის შიგა ეზოდანაც შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ ჯერ შვეიცარიის ეზოში შევიარეთ და ძველი ვენის სხვა ღირსშესანიშნაობები დავათვალიერეთ, ახლა კი რინგშტრასეზე გავიარეთ და ჰოფბურგს მეორე მხრიდან შევხედეთ. მოედნის ცენტრში ბრინჯაოს ცხენებზე ერცჰერცოგი კარლი და პრინცი ევგენი სავოიელი ამხედრებულან.



ჰოფბურგის პირდაპირ, გზის გადაღმა, მარია ტერეზიას მოედანია, რომელსაც იმპერატორის მეუღლის, მარია ტერეზიას ქანდაკება ამშვენებს. ის 1888 წელს დადგეს. მოედნის იქით მუზეუმების კვარტალი მოჩანს - ვენის ყველაზე დიდი სამუზეუმო სივრცე. ორი ტყუპი მუზეუმი ზედ ამ მოედანზეცაა: ხელოვნების ისტორიისა და ბუნებისმეტყველების.



დეტალურად მუზეუმების კვარტალის შესახებ =>>


შემდეგი პუნქტი ფოლკსგარტენი, ანუ სახალხო ბაღია. იგი 200 წლისაა. აქ დროის გატარება განსაკუთრებით სასიამოვნო ზაფხულის თბილ დღეებშია.



მივუყვებით წრიულ ქუჩას და ვუახლოვდებით პარლამენტის შენობას, რომლის მშენებლობაც 1884 წელს დასრულდა. შეხედავთ თუ არა მას, მყისვე იგრძნობთ ძველი საბერძნეთის გავლენას.



დეტალურად ავსტრიის პარლამენტის შესახებ =>>


რინგშტრასეზე მომდევნო ღირსშესანიშნაობა ვენის რატუშაა - ულამაზესი შენობა 105 მეტრი სიმაღლის კოშკით. ეს არა მხოლოდ ის ადგილია, სადაც ქალაქის ბურგომისტრი და საბჭო მუშაობს. აქ ყოველწლიურად ასობით ღონისძიება იმართება: მეჯლისები, კარნავალები, ფესტივალები, დღესასწაულები, საშობაო ვაჭრობა. რატუშის წინ რატუშის პარკია. პარკის ცენტრში, უზარმაზარ ეკრანზე, ზაფხულობით ფილმებს უჩვენებენ, ზამთარში კი უზარმაზარი საციგურაოა გახსნილი.



დეტალურად ვენის რატუშის შესახებ =>>


რატუშის პირდაპირ ბურგთეატრის კოხტა შენობა დგას. ავსტრიის ფედერალური თეატრი 1741 წლიდან არსებობს, სახალხო ბაღის გვერდით კი 1888 წლიდანაა. სწორედ აქ შედგა მოცარტის "ფიგაროს ქორწინების" პრემიერა.



მაშ, ასე - თქვენ ისტორიული ცენტრი დაათვალიერეთ. თუ დრო და ენერგია შეგრჩათ, ნახეთ ამ საიტზე "ვენის ღირსშესანიშნაობები" და სხვა თავები და დანარჩენი მათ მიხედვით დაამატეთ.


2. დღე მეორე - ისტორიული ცენტრიდან მოშორებით


მეორე დღეს ბელვედერისა და შონბრუნის სასახლეებს ვეწვიოთ. მანამდე შეგვიძლია რამდენიმე ღირსშესანიშნაობა მოვინახულოთ. მაგალითად, ოპერის სიახლოვეს მდებარეობს წმინდა კარლის ეკლესია - კარლსკირხე (რინგშტრასეზე ტრამვაის გაჩერება Oper, ან მეტროს სადგური Karlsplatz).



დატკბით ბაროკოს დიდებული არქიტექტურით, აგრეთვე ოტო ვაგნერის პავილიონით, რომელიც ვენის სეცესიონის ეპოქას მოგაგონებთ.


დეტალურად წმინდა კარლის ეკლესიის შესახებ =>>


XX საუკუნის დასაწყისში ავსტრიელი მხატვრების ნაწილმა უარი თქვა ტრადიციულ კონსერვატიულ კავშირებზე, რომლებშიც სტილს ჟიური აფასებდა, და ახალი კულტურული გაერთიანება "სეცესიონი" დააარსა. დევიზად აირჩიეს ლოზუნგი - "დროს - მისი ხელოვნება, ხელოვნებას - მისი თავისუფლება". მხატვრებმა სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთარი სახსრებით ააგეს სეცესიონის სახლი. მის პირველ სართულზე განთავსებულია ნახატების ციკლი "ბეთჰოვენის ფრიზი" - ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის 34-მეტრიანი ვირტუოზული ინტერპრეტაცია, შექმნილი გუსტავ კლიმტის მიერ 1902 წელს.



თუ დროს გამონახავთ, ჩაჯექით რინგშტრასეზე №1 ტრამვაიში და ჩამოდით გაჩერებაზე Hetzgasse. ფეხით სულ ცოტას გაივლით და დაინახავთ ქალაქის ყველაზე მხიარულ სახლს - ჰუნდერტვასერის სახლს. შეუძლებელია, რომ ის ვერ შეამჩნიოთ.



ეს საცხოვრებელი სახლი 1986 წელს ააშენა ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერმა. აქ ვერ ნახავთ სწორ კუთხეებს, ყველგან, მათ შორის სახურავზეც, ხეები და მცენარეები იზრდება. არქიტექტორის ფილოსოფია, მოკლედ, ასეთია: კუთხეების არარსებობა, ეკოლოგიურობა და ინდუვიდუალობა.


დეტალურად ჰუნდერტვასერის შესახებ =>>


ახლა გეზი ბელვედერის სასახლისკენ ავიღოთ. ამისთვის უნდა ჩავსხდეთ ტრამვაიში №71 (გაჩერება Unteres Belvedere) ან №2, №D (გაჩერება Schwarzenbergplatz), ან №18, №D, №O (გაჩერება Quartier Belvedere). ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ბილეთების შესახებ წაიკითხეთ ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.



ბელვედერის სასახლე ცნობილი მხედართმთავრის, პრინც ევგენი სავოიელის, საზაფხულო რეზიდენცია იყო. იგი სამი ნაწილისგან შედგება: ზედა ბელვედერი, ქვედა ბელვედერი ორანჟერეით და უზარმაზარი პარკი. ზედა ბელვედერში სამხატვრო მუზეუმია განთავსებული, სადაც ცნობილი მხატვრების ტილოებია გამოფენილი, მათ შორის ავსტრიელი გუსტავ კლიმტის სახელგანთქმული "კოცნა".


ქვედა ბელვედერში არის მარმარილოს, სარკეების, ოქროს, გროტესკის დარბაზები, ავსტრიული ბაროკოს მუზეუმი, ყოფილი სასახლის საჯინიბოები, საგამოფენო დარბაზად გადაქცეული ორანჟერეა და მრავალი სხვა.


თუ ფული არ დაგენანებათ და ორივე სასახლის დათვალიერებას გადაწყვეტთ, ძალიან კმაყოფილი დარჩებით.



დეტალურად ბელვედერის სასახლის შესახებ =>>


ახლა კი მეტროს მწვანე U4 ხაზით, №10A ავტობუსით ან №10, №58 ტრამვაით გაჩერება Schonbrunn-ზე ჩამოვიდეთ და შონბრუნის სასახლისკენ გავემართოთ. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო და ულამაზესი სასახლის კომპლექსი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 5 კილომეტრის დაშორებითაა. როგორც ამბობენ, ვენის ამ ღირსშესანიშნაობას ყველაზე მეტი მნახველი ჰყავს.



შონბრუნის სასახლე და პარკი ავსტრიის იმპერატორთა საზაფხულო რეზიდენცია იყო. ის თითქმის 500 წლისაა. აქ იხილავთ ულამაზეს ოთახებსა და დარბაზებს (ასეთი სულ ათასზე მეტია, მაგრამ ტურისტებისთვის მხოლოდ ორმოცია გამოყოფილი), პარკებს, ბაღებს, შადრევნებს, ლაბირინთებს, ანტიკური პერსონაჟების ქანდაკებებს, პალმების სახლს, ეტლების მუზეუმს, საბავშვო მუზეუმს, გლორიეტას, "რომის ნანგრევებს", ზოოპარკს. აქვე შეგიძლიათ მიირთვათ "ნამდვილი" ავსტრიული შტრუდელი. მოკლედ, თუ დრო და ფული არ დაგენანებათ, აქედან უდიდესი შთაბეჭდილებებით წამოხვალთ, თუმცა პარკში სეირნობა ყველასთვის უფასოა.


მათთვის, ვისაცVienna City Card/Vienna Passაქვს, გათვალისწინებულია შეღავათები.


დეტალურად შონბრუნის სასახლის შესახებ =>>


ესეც ასე - მეორე დღის "პროგრამა-მინიმუმიც" შესრულებულია. თუ დრო და ენერგია შეგრჩათ, ქვემოთ მოყვანილ დამატებაში გაეცანით, კიდევ რისი დათვალიერება შეგიძლიათ ვენაში (ეს, ცხადია, ძალზე არასრული სია იქნება).


3. რა ვნახოთ ვენაში 2 დღეში - დამატება


თუ ზემოთ მოყვანილი მარშრუტების გავლის შემდეგ დრო დაგრჩებათ ან რამეს გამოტოვებთ და სხვა ღირსშესანიშნაობის ნახვას მოისურვებთ, რამდენიმე ასეთს შემოგთავაზებთ.


პრატერის პარკი - ვენელების საყვარელი პარკია. აქ დგას 1896/97 წლებში ინჟინერ უოლტერ ბასეტის მიერ შექმნილი ე.წ. "ეშმაკის ბორბალი" - ისიც ვენის სიმბოლოდ გადაიქცა - და უამრავი ატრაქციონი. აქვეა ცნობილი ლუდის რესტორანი "შვაიცერჰაუსი", და მადამ ტიუსოს მუზეუმი, სადაც მოცარტის, ფროიდის, შვარცნეგერის, იმპერატორის მეუღლე სისის, გუსტავ კლიმტისა და სხვათა ფიგურებია.




ატრაქციონების ბილეთების საშუალო ფასი 3-5 ევროა, "ეშმაკის ბორბლის" - 10 ევრო მოზრდილებისთვის და 4.5 ევრო 14 წლამდე ბავშვებისთვის.


მისამართი: მეტროს U1 წითელი და U2 იასამნისფერი ხაზი - გაჩერება Praterstern.


დეტალურად პრატერის პარკის შესახებ =>>


ზღვის სახლი - ეს არის ოკეანერიუმი, ტერარიუმი და ზოოპარკი ერთად. იგი ყოფილ საჰაერო თავდაცვის კოშკშია განთავსებული. ზემოთ ტერასაა, საიდანაც ვენის ხედი იშლება.





აქ იხილავთ ზვიგენებს, პირანიებს, კუებს, ტროპიკულ ტყის ბინადრებს, მარჯნის რიფებსა და ზღვის მოქცევას.


შესასვლელი ბილეთის ფასია: 17.60 ევრო - მოზრდილებისთვის, 8 ევრო - 6-15 წლის ბავშვებისთვის, 5.40 ევრო - 3-5 წლის ბავშვებისთვის.


მისამართი: მეტროს U3 ყვითელი ხაზი - გაჩერება Neubaugasse, ავტობუსი - №13A, №14A, №57A - გაჩერება Hous des Meeres.


სამგზავრო ბილეთებთან დაკავშირებით წაიკითხეთ ბუდაპეშტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ.


ნაშმარკტი - ეს არის ბაზარი, სადაც ყველანაირ ახალ პროდუქტს შეიძენთ, შაბათობით კი ათასი წვრილმანის ბაზრობა იმართება. აქ შედარებით იაფად იყიდით იმას, რაც მოგეწონებათ. აქვე უამრავი კაფე და რესტორანია.





ბაზრამდე მისასვლელად ისარგებლეთ მეტროთი: U1, U2, U4 ხაზი - გაჩერება Karlsplatz.








© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!