ბუდაპეშტის დათვალიერება 2 დღეში უნდა მოასწროთ? თუ ასეა, ეს სტატია თქვენთვისაა. დაწვრილებით აღგიწერთ ორ დღეში უნგრეთის დედაქალაქის გაცნობის მარშრუტს. პირველი დღე პეშტის - ქალაქის დაბლობი ნაწილის - შესწავლას დავუთმოთ, მეორე კი - ბუდას: უნგრეთის დედაქალაქის გორაკებიან ნახევარს. ცხადია, შეგიძლიათ პირიქითაც გააკეთოთ. ამით თითქმის არაფერი შეიცვლება - ეგაა, მეორე დღეს უფრო დაღლილი შეხვდებით. თუ ყურადღებით წაიკითხავთ ჩემს სტატიებს ბუდაპეშტზე, შეგიძლიათ, საკუთარი მარშრუტიც შეადგინოთ.
სტატიის შინაარსი
1. დღე პირველი - მივდივართ პეშტში
2. დღე მეორე - მივდივართ ბუდაში
3. რა ვნახოთ ბუდაპეშტში 2 დღეში - დამატება
1. დღე პირველი - მივდივართ პეშტში
მოდი, დავიწყოთ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობით - უნგრეთის პარლამენტით. ეს მონუმენტური და, იმავდროულად, ჰაეროვანი ნაგებობა XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე თითქმის ოცი წლის განმავლობაში შენდებოდა. ამჟამად ის ბუდაპეშტის უმთავრესი სიმბოლოა და ღია ბარათებზე, კალენდრებზე და ნაირგვარ სუვენირებზე იწონებს თავს.
შენობაში შესასვლელად და მის დასათვალიერებლად ბილეთის ყიდვა მოგიწევთ. მეტ ინფორმაციას ქვემოთ მოყვანილ სტატიაში ამოიკითხავთ.
დეტალურად უნგრეთის პარლამენტის შესახებ =>>
პარლამენტისა და იმ შენობების შეთვალიერების შემდეგ, რომლებიც Kossuth Lajos tér მოედანზე მდებარეობენ, გთავაზობთ, მცირე ხნით მდინარე დუნაის სანაპიროზე დავეშვათ პოეტ ატილა იოჟეფისა და ბუდაპეშტში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად დადგმული ძეგლების სანახავად.
ფაშისტები ებრაელებს მდინარის ნაპირზე ხვრეტდნენ და სხეულებს წყალში ყრიდნენ. სიკვდილით დასჯის წინ კი თავიანთ მსხვერპლს აიძულებდნენ, გაეხადათ ფეხსაცმელები, რომლებსაც შემდეგ ჰყიდნენ.
დეტალურად ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ძეგლის შესახებ =>>
ახლა ცოტა ხნით უკან დავბრუნდეთ და გეზი პატარა მოედნისკენ, სახელწოდებით Vertanuk tér, ავიღოთ, სადაც დგას უნგრეთის ყოფილი პრემიერმინისტრ იმრე ნადის ქანდაკება. კიდევ 2 წუთი ფეხით სიარული და უკვე თავისუფლების მოედანზე ხართ (Szabadsag tér). აქ აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ძეგლს იხილავთ.
თუ გსურთ, თვალი გადაავლოთ ბუდაპეშტში მიმოფანტულ საინტერესო და უჩვეულო ძეგლებს, იხილეთ ფოტოსურათების კალეიდოსკოპი.
მოედნის მეორე მხარეს ზაფხულში უჩვეულო შადრევანი მუშაობს, რომლის შხეფებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილიდან ასხამს. სცადეთ ბედი და იხტუნავეთ.
Sas útca-ს (útca - ქუჩაა) წმინდა იშტვანის ბაზილიკისკენ გავუყვეთ (აუჩქარებელი სიარულით - 10 წთ.). დატკბით ბუდაპეშტის მთავარი ტაძრით არა მხოლოდ გარედან, არამედ აუცილებლად შიგნიდანაც. ადით გუმბათში მოწყობილ გადმოსახედ მოედანზე. არ ინანებთ.
დეტალურად წმინდა იშტვანის ბაზილიკის შესახებ =>>
Zrínyi útca-ს გავლით კვლავ დუნაისკენ დაეშვებით. გზად ღიპიანი პოლიციელის ქანდაკებას დაინახავთ. გახვალთ მოედანზე Széchenyi István tér და სასტუმრო Four Seasons Hotel Gresham Palace Budapest, მეცნიერებათა აკადემიის შენობითა და სეჩენის ჯაჭვის ხიდით დატკბებით.
შემდეგ დუნაის სანაპიროს გაუყვებით Fővám tér-ის მხარეს. თუ აუჩქარებლად ივლით, დაახლოებით 30 წუთს დახარჯავთ. გზაში "ბუდას", ერჟბეტისა და თავისუფლების ხიდებს, აგრეთვე ხელმარჯვნივ მდებარე შენობებს შეავლებთ თვალს.
დროის ეკონომიის მიზნით ან არცთუ კარგ ამინდში გირჩევთ №2 ტრამვაიში ჩაჯდეთ (ახვალთ გაჩერებაზე Széchenyi István tér, ჩამოხვალთ გაჩერებაზე Fővám tér).
დეტალურად ბუდაპეშტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ =>>
Fővám tér-ზე ხანმოკლე შესვენება არ გაწყენდათ წასახემსებლად. შეგიძლიათ პოპულარულ For Sale Pub-ს ეწვიოთ, სადაც ძალიან გემრიელ კერძებს უზარმაზარ ულუფებად მოგართმევენ (უფრო დაწვრილებით იხილეთ სად ვჭამოთ ბუდაპეშტში შედარებით იაფად), ან ბუდაპეშტის ცენტრალურ ბაზარში შეხვიდეთ, იქ გემრიელი საჭმელი იყიდოთ და მოედანზევე დანაყრდეთ.
განვაგრძობთ მარშრუტს. ჩვენი მომდევნო დანიშნულების პუნქტი "დიდი" სინაგოგაა. იქ მისვლა შეიძლება ფეხით (დაახლოებით 25 წუთში) ან ტრამვაით (№47 ან №49, გაჩერება - მეტრო "Astoria". ამის გაკეთება ფეხით გიჯობთ, რადგან გზად უნგრეთის ნაციონალურ მუზეუმსა და სხვა მრავალსაც იხილავთ.
დიდი სინაგოგა ორსართულიანი შენობაა და ევროპის ყველაზე დიდ სინაგოგად მიიჩნევა. შესვლა ფასიანია.
დეტალურად სინაგოგას შესახებ =>>
ახლა გეზს Deák Ferenc tér-ისკენ ვიღებთ. აქ ორი მოედანია. შეგიძლიათ ხეების ჩრდილში ძელსკამზე დაისვენოთ ან "ეშმაკის ბორბალზე" დაჯდეთ. ჩვენი მორიგი სამიზნე ანდრაშის პროსპექტია, სადაც მდებარეობს უნგრეთის ოპერის თეატრი, "ტერორორის სახლი", ფერენც ლისტის მუზეუმი (თუ მუზეუმების მოყვარული ხართ, იხილეთ ბუდაპეშტის მუზეუმები), სხვადასხვა ქვეყნის საელჩო.
დეტალურად ანდრაშის პროსპექტის შესახებ =>>
დეტალურად უნგრეთის ოპერის თეატრის შესახებ =>>
ანდრაშის პროსპექტზე გმირთა მოედანია, რომელზეც ორი ქანდაკებაა. ცენტრში აღმართული კოლონა მადიარების გადმოსვლის ათასწლეულს ეძღვნება. მის წვერზე გაბრიელ მთავარანგელოზის ფიგურაა, ძირში კი მადიართა შვიდი ტომის ბელადები არიან გამოსახულნი, მათ შორის თავადი არპადი, რომელმაც ამავე სახელწოდების სამეფო დინასტია დააარსა.
გმირთა მოედნის მიღმა ვაროშლიგეტის პარკია. გთავაზობთ, სწორედ აქ დაასრულოთ ბუდაპეშტის გაცნობის პირველი დღე. გირჩევთ, დასასვენებლად სეჩენის საბანაოს ესტუმროთ. მანამდე კი ვაიდაჰუნიადის კოშკს ეწვიეთ, ნახეთ ანონიმუსი და პარკში გაისეირნეთ.
დეტალურად ვაროშლიგეტის პარკის შესახებ =>>
ჩვენი მარშრუტის - "ბუდაპეშტი 2 დღეში" - პირველი დღე დასრულებულია. აბა, ხვალამდე!
1.1 პირველი დღის რუკა
2. დღე მეორე - მივდივართ ბუდაში
დეტალურად ჯაჭვის ხიდისა და ბუდაპეშტის სხვა ხიდების შესახებ =>>
ხიდზე გადასვლის შემდეგ აღმოჩნდებით მოედანზე, სახელწოდებით Clark Ádám tér. აქ დგას ნულოვანი კილომეტრის ძეგლი და მუშაობს ფუნიკულიორი, რომელიც ბუდას ციხეკოშკთან აგიყვანთ.
თუმცა გირჩევთ, ჯერ ბუდას ბორცვის სხვა ნაწილი დაათვალიეროთ - ის, სადაც მეთევზეთა ბასტიონი და მატიაშის ეკლესიაა.
შეგიძლიათ ჩაჯდეთ ავტობუსში №16 და მეთევზეთა ბასტიონამდე მიხვიდეთ (გაჩერება Szentháromság tér) ან გზას ფეხით გაუყვეთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ აღმართში სიარული მოგიწევთ.
მეთევზეთა ბასტიონის (Halaszbastya) აგება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყეს უნგრეთის 1000 წლის იუბილესთან დაკავშირებით. აქედან საოცარი ხედი იშლება დუნაიზე და პეშტის მხარეზე.
დეტალურად მეთევზეთა ბასტიონის შესახებ =>>
ესეც იქვე მდებარე მატიაშის ეკლესია:
დეტალურად მატიაშის ეკლესიის შესახებ =>>
მარშრუტს განვაგრძობთ Tárnok útca ქუჩით. მეზობელ ქუჩაზე (Úri út. 9) ბუდას ციხესიმაგრის ლაბირინთი მდებარეობს (Labyrinth of Buda Castle). აუცილებლად შეიარეთ იქ. ცნობილია, რომ მიწისქვეშა გასასვლელებს ჯერ კიდევ XV საუკუნეში იყენებდნენ, მეორე მსოფლიო ომის დროს კი აქ თავშესაფარი და ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა.
მოზრდილისთვის ბილეთის ღირებულება 2000 ფორინტია. სტუდენტებისა და ბავშვებისთვის ფასდაკლებაა. გათვალისწინებულია 25%-იანი ფასდაკლება მათთვის, ვისაცBudapest Cardაქვს.
ბუდას ციხედარბაზი დიდ ტერიტორიას იკავებს, რომელზეც მრავალი ღირსშესანიშნაობაა. ცოტა არ იყოს, უფერული შენობა მარცხენა მხარეს (მოძრაობის მიმართულებით) - შანდორის სასახლე - უნგრეთის პრეზიდენტის ამჟამინდელი რეზიდენციაა. სასახლესთან დგას საპატიო ყარაული, რომელიც დროდადრო იცვლება.
იმ ნაგებობის შენება, რომელსაც ხედავთ, XIX საუკუნის მიწურულს დაიწყეს, თუმცა ციხესიმაგრე ამ ადგილას მრავალი საუკუნის წინათ აიგო. სასახლეში ორი მუზეუმია განთავსებული.
დეტალურად ბუდას ციხედარბაზის შესახებ =>>
ბუდას ციხედარბაზის დათვალიერების შემდეგ ქვევით ვეშვებით - ფუნიკულიორით ან ფეხით.
ახლა მორიგი გასეირნება გელოდებათ (დაახლოებით 20-წუთიანი) დუნაის სანაპიროზე, ოღონდ ამჯერად უნგრეთის დედაქალაქის მეორე მხრიდან. თქვენი მიზანი გელერტის ბორცვია. აქ რამდენიმე ღირსშესანიშნაობაა: გელერტის ძეგლი, ციტადელი, თავისუფლების ქანდაკება, ფილოსოფიური ბაღი, ტაძარი კლდეში და პაულინების ორდენის მონასტერი.
დეტალურად გელერტის შესახებ =>>
ციტადელი ციხესიმაგრეა, რომელიც ავსტრიელმა ჰაბსბურგებმა უნგრელებზე კონტროლის მიზნით ააგეს.
თავისუფლების ქანდაკება ბუდაპეშტის თითქმის ნებისმიერი წერტილიდან მოჩანს. კვარცხლბეკთან ერთად მისი სიმაღლე 40 მეტრია.
ფილოსოფიურ ბაღში რვა ქანდაკებაა - საქვეყნოდ ცნობილი პიროვნებებისა და ფილოსოფოსების განსახიერება. ესენი არიან: იესო, ლაო-ძი, ბუდა, აბრაამი და სხვები.
ტაძარი კლდეში ბორცვის მეორე მხარეს მდებარეობს. ის XX საუკუნის 30-იან წლებში ააგეს პაულინების ორდენის თაოსნობით. ეს სამონასტრო ორდენი XIII საუკუნეში გაჩნდა.
ბორცვზე ერთი მხრიდან ახვალთ, მეორიდან დაეშვებით და თითქმის გელერტის საბანაოების შესასვლელთან აღმოჩნდებით.
დეტალურად გელერტის საბანაოების შესახებ =>>
თქვენ ბუდაპეშტის თითქმის ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობა იხილეთ, ქალაქის ორ ყველაზე ცნობილ საბანაოსაც ეწვიეთ (მოინახულეთ აგრეთვე რუდაშის საბანაო და ლუკაჩის საბანაო). მოდი, აქ დავასრულოთ ჩვენი მარშრუტის - "ბუდაპეშტი 2 დღეში" - მეორე დღე.
2.1. მეორე დღის რუკა
გთავაზობთ მარშრუტის მეორე დღის რუკას. მიიყვანეთ "მაუსი" მარჯვენა ზედა კუთხეში და დააჭირეთ გადიდებას. ჩვენი ღირსშესანიშნაობები კვლავ დიდი ცისფერი წვეთებია.
3. რა ვნახოთ ბუდაპეშტში 2 დღეში - დამატება
თუ ზემოთ მოყვანილი მარშრუტების გავლის შემდეგ დრო დაგრჩებათ ან, ვთქვათ, საბანაოში წასვლას არ მოისურვებთ, ჯერ არ მოსაღამოებულა და კიდევ გსურთ ბუდაპეშტის რამე ღირსშესანიშნაობის ნახვა, რამდენიმე ასეთს შემოგთავაზებთ. ესენია:
აკვინკუმი - ობუდას რაიონში მდებარე პარკი-მუზეუმი. ნახავთ ძველრომაული ქალაქის ნანგრევებს. მისამართი: Aquincumi Múzeum, Budapest, Szentendrei út.
უძირო ტბა და ცისტერციანცების ეკლესია - ბუდაპეშტის XI რაიონში. მისამართი: Villányi út 25.
კერეპეში - - უნგრეთის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი და ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი სასაფლაო. მას ბუდაპეშტის პერ-ლაშეზსაც უწოდებენ. აქ განისვენებენ პოლიტიკოსები, მწერლები, არქიტექტორები და უნგრეთის ელიტის წარმომადგენლები. მისამართი: Fiumei út 16.
მემენტო პარკი (Memento Park) - მუზეუმი ღია ცის ქვეშ. XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს აქ მთელი ბუდაპეშტიდან მოზიდეს უნგრეთის ისტორიის სოციალისტური პერიოდის ქანდაკებები, მათ შორის მუშათა მოძრაობის მემორიალი, სტალინის ჩექმები და საბჭოთა პოლიტიკოსებისა და ჯარისკაცების ძეგლები.
ესეც ასე - ბუდაპეშტი 2 დღეში დაძლეულია. თქვენ დაათვალიერეთ პეშტი და ბუდა, იხილეთ მთავარი ღირსშესანიშნაობები, ბევრი ისეირნეთ, გემრიელი საჭმელი მიირთვით, სურათები გადაიღეთ, იცინეთ. ვიმედოვნებთ, მარშრუტი "ბუდაპეშტი 2 დღეში" მოგეწონათ.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია